„რუსული კანონი“, რომ ყველა სფეროს შეეხება, - ამაზე სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები საუბრობენ. მათ შორის არიან სტარტაპერები, რომლებიც ღიად ამბობენ, რომ ქვეყნის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში უცხოური დახმარების წილი შეუფასებელია.
სტარტაპერი და სამოგზაურო პლატფორმის - „ბილიკის“ დამფუძნებელი bm.ge-სთან ქვეყნის სტარტაპ ეკოსისტემაზე „რუსული კანონის“ გავლენას აფასებს.
როგორც თორნიკე ცირამუა ამბობს, დღეს საქართველოში სტარტაპები ფონდებით, გრანტებით, ინვესტიციებით საზრდოობენ, ეს დახმარება კი ევროპიდან და აშშ-დან არის მოზიდული. „რუსული კანონის“ ამოქმედების შემთხვევაში კი სტარტაპები ყველა ამ შესაძლებლობის დაკარგვის რისკის ქვეშ არიან.
„დღეს ქართული სტარტაპები ფონდებით, გრანტებით, ინვესტიციებით საზრდოობენ. ჩვენ მიერ მოზიდული ნებისმიერი ინვესტიცია არის დასავლეთიდან, ევროპიდან, აშშ-დან. არც ერთი განვითარებული სტარტაპი დღეს რუსული გრანტების ხარჯზე არ არის წარმატებული.
ჩვენ „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში ყველა ამ სიკეთეს დავკარგავთ. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი არამარტო აჩერებს ქვეყნის განვითარებას, ასევე კლავს ინოვაციებს. ბოლო ათი წლის განმავლობაში, რაც საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის დაფუძნებისთვის გაკეთდა, ერთიანი ძალებით, ეს ყველაფერი წყალში ჩაიყრება,“ - განმარტავს თორნიკე ცირამუა.
ინფორმაციისთვის: საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის წევრები საქართველოს პარლამენტის წევრ მარიამ ლაშხთან შეხვედრას ითხოვენ. სტარტაპერები დეპუტატს მიმართავენ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი, დოკუმენტთან დაკავშირებული გამოწვევები და საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემაზე მისი უარყოფითი გავლენა ღია დისკუსიის ფორმატში განიხილონ. სტარტაპერების ამ მოწოდებას ეკოსისტემის დიდი ნაწილი უერთდება, მათ შორის ის პირები, რომელთაც ათი დღის წინ გავრცელებულ განცხადებას ღიად დაუჭირეს მხარი.შეგახსენებთ, რომ მარიამ ლაშხი ექვსი წლის განმავლობაში იკავებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარის მოადგილის პოსტს. ასევე, სამი წლის განმავლობაში მუშაობდა “მსოფლიო ბანკში” და ჩართული იყო სააგენტოს შექმნის პროცესშიც.