საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექცია რუსეთის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ საქართველოში მოგზაურობის დაგეგმვისას ყველა გარემოება და შესაძლო რისკი აწონ-დაწონონ. ამის შესახებ რუსეთის ინტერესების სექციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია:
„ვაცხადებთ, რომ ბოლო დროს გახშირდა საქართველოს ტერიტორიაზე შესვლაზე უარის თქმის შემთხვევები რუსეთის ფედერაციის იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა პასპორტებში დაბადების ადგილად მითითებულია, უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, სამხრეთ ოსეთი, ყირიმი, დონეცკის სახალხო რესპუბლიკა, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები.
შექმნილ ვითარებაში, როდესაც საქართველოს სასაზღვრო ხელისუფლების ქმედებები გაურკვევლობის ელემენტს სძენს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში დასვენების გეგმებს, კატეგორიულად ვურჩევთ მოქალაქეებს, რომლებიც ამ ქვეყანაში მოგზაურობას გეგმავენ, ყურადღებით აწონ-დაწონონ ყველა გარემოება და შესაძლო რისკი“.
რუსული გამოცემები ქვეყნის ტუროპერატორების ასოციაციის (АТОР) ვიცე-პრეზიდენტის არტურ მურადიანის მოსაზრებაზე დაყრდნობით წერს, რომ უარის მიზეზი მხოლოდ დაბადების ადგილია. მურადიანი მედიებთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ოფიციალური განცხადებები არ გაკეთებულა, ხოლო სასაზღვრო სამსახურები, შესაძლოა, შიდა წესების მიხედვით მოქმედებდნენ.
„მე არ ვფლობ ინფორმაციას საქართველოში რუსების შესვლის აკრძალვის შესახებ. უცხო სახელმწიფოს მესაზღვრეებს ყოველთვის შეუძლიათ უარი თქვან [შემოშვებაზე], თავიანთი გადაწყვეტილების ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და მოტივაციის გარეშე“, — განუცხადა მურადიანმა News.ru-ს.
4 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოში შემოსასვლელად რუს ტურისტებს, განსაკუთრებით კი ინდივიდუალურ მოგზაურებს სამედიცინო დაზღვევა დასჭირდებათ. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურისტებს უნდა ჰქონდეთ სამედიცინო და უბედური შემთხვევებისგან დაზღვევა ქართულ ან ინგლისურ ენაზე.




























