მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი ქართულ ფეროშენადნობებზე საბაჟო გადასახადს აწესებს - რას აპირებენ მწარმოებლები?

63a5ae101b62e
ნინო ტაბატაძე
23.12.22 17:51
12763
ევრაზიულ კავშირში საქართველოდან ექსპორტირებულ ფეროშენადნობებზე ანტიდემპინგური გადასახადი ამოქმედდება. გადაწყვეტილება ევრაზიის ეკონომიკურმა კომისიამ მიიღო, სადაც ქართველ მწარმოებლებს დემპინგური ფასებით ოპერირებაში ადანაშაულებენ და მიიჩნევენ, რომ ამით კავშირის წევრი სახელმწიფოები ეკონომიკურ ზიანს იღებენ.

ქართულ ფეროსილიკომანგანუმზე გადასახადის ოდენობა მწარმოებლის მიხედვით განისაზღვრა და ის საბაჟო ღირებულების 21,4 % - 24,2 %-ით განისაზღვრება. მიღებული გადაწყვეტილება ჯერ ძალაში არ შესულა.

„22%-იანი ბაჟის შემოღების შემდეგ, ქართული პროდუქტი რუსულ ბაზარზე კონკურენტუნარიანი აღარ იქნება. ეს რომ „თითიდან გამოწოვილი“ თემაა, პრინციპში, ყველამ იცის, მათ შორის რუსეთშიც. უბრალოდ, აქ არის ლობისტების საკითხი. ტრადიციულად არასდროს აწარმოებდა რუსეთი ფეროშენადნობებს, ახლა კი სურთ სავარაუდოდ, აფრიკიდან შეიტანონ მანგანუმის მადანი და გადამუშავება მოახდინონ“, - განაცხადა „საქმის კურსში“ სტუმრობისას „ფეროშენადნობთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა ნუგზარ კევლიშვილმა.

ევრაზიის ეკონომიკური კავშირი აერთიანებს რუსეთს, ბელარუსს,  სომხეთს, ყაზახეთსა და ყირგიზეთს. საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტის მაჩვენებლებს თუ ჩავხედავთ, ჩანს, რომ ფეროშენადნობები, ძირითადად, რუსეთში გადის. ექსპორტი ძალიან მცირე მოცულობით ხორციელდება სომხეთსა და ბელარუსში. ჩანს, რომ ეს გადაწყვეტილება სწორედ რუსეთის გავლენით მიიღეს. 

„ფეროშენადნობთა ასოციაციაში“ ელიან, რომ რუსეთის ჩანაცვლებას ქართველი მწარმოებლები აშშ-სა და თურქეთის ბაზრებით შეეცდებიან.

"ეს ორი ბაზარი იქნება ძირითადად. ევროპაც ალბათ, თუმცა ცნობილი მოვლენების გამო (რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე გაძვირებული ენერგომატარებლები) რთული ვითარებაა ევროპაში ფოლადის წარმოების მხრივ და ქართულ ფეროსილიკომანგანუმზე არ არის ისეთი მოთხოვნა, როგორიც გვინდა რომ იყოს. აშშ-ში მოიმატებს ექსპორტი, რაც ძალიან კარგია. ასევე  თურქეთში, რომელიც ჩვენი პარტნიორია. თურქეთში ახორციელებენ ექსპორტს ძირითადად, ჩვენი მცირე ზომის საწარმოები“, - ამბობს ნუგზარ კევლიშვილი.

2022 წლის 11 თვეში საქართველოდან ექსპორტზე   454.8 მლნ დოლარის ფეროშენადნობები გავიდა, რითაც საექსპორტო კალათაში მესამე ადგილზეა. ექსპორტის ნახევარზე მეტი - 51% აშშ-ზე მოდის. ამ ბაზარზე 232.5 მლნ დოლარის ფერო გავიდა. საექსპორტო ბაზრებში მეორე ადგილზე ჩამოქვეითდა რუსეთი - 108.8 მლნ დოლარით, მესამეზეა თურქეთი, სადაც 57.3 მლნ დოლარის ფეროშენადნობის გატანა მოხდა.

აღსანიშნია, რომ წელს რუსეთში მკვეთრად არის შემცირებული ფეროშენადნობთა ექსპორტი. თუ 2021 წელს, 11 თვეში, ამ ბაზარზე 157 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა, წელს ეს მაჩვენებელი 31%-ით 108 მლნ დოლარამდეა შემცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები