ოკუპირებულ ტერიტორიებს თუ არ ჩავთვლით, რუსეთის 14 მეზობელ ქვეყანას შორის, საქართველო მე-9 ადგილზეა, რომელსაც რუსეთთან მეტად კეთილმეზობლური დამოკიდებულება აქვს. ამას რუსეთის ფედერაციის კომუნიკაციის განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა მოწმობს.
კერძოდ, რუსეთი ყველაზე მეგობრულ სახელმწიფოდ მის მიერ ოკუპირებულ "სამხრეთ ოსეთს" მიიჩნევს, რომელიც 100-დან 93.5 ქულითაა შეფასებული. ოკუპირებული ტერიტორია მაჩვენებლით რუსეთის მოკავშირე ბელარუსსაც უსწრებს, რომელიც 87.6 ქულით, მეორე ადგილზეა. სტატისტიკის მიხედვით, ბელარუსის კეთილმეზობლობა ოდნავ შემცირდა.
ბელარუსის შემდეგ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი მოდის. მას 81.4 ქულა აქვს. შემდეგ 7 ადგილებს ინაწილებს: ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, თურქმენეთი და სომხეთი. აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილთაგან ყველა ქვეყანას 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს ქულა შემცირებული აქვს, გამონაკლისი ტაჯიკეთი და თურქმენეთია.
რაც შეეხება სხვა მეზობლებს, ყველა ქვეყანა მინუს ქულითაა შეფასებული. გამონაკლისია საქართველო. რუსეთის ფედერაციის კომუნიკაციის განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის შეფასებით, საქართველოს 12 ქულა აქვს, თუმცა აღსანიშნავია, რომ შეფასება შემცირებულია. 2022 წელს ჩვენს ქვეყანას რუსეთის მხრიდან 24.2 ქულა ჰქონდა. მოლდოვას -16.1 ქულა აქვს, ესტონეთს, ლიეტუვას, ლატვიასაც მინუს ქულები აქვთ.
რუსეთი ყველაზე არამეგობრულ მეზობელ ქვეყნად უკრაინას ასახელებს. ის 89.6 ქულითაა შეფასებული.