რამდენიმე თვეა, რაც რუსეთი და უკრაინა სიღრმისეულ მოლაპარაკებებს აღარ აწარმოებენ. მათი შეხვედრები მხოლოდ გარდაცვლილი ჯარისკაცებისა თუ სამოქალაქო პირების ნეშტების ან ტყვეების გაცვლით შემოიფარგლება. დიდი ხანია, მხარეებს აღარ განუხილავთ სერიოზული გეოპოლიტიკური საკითხები, რომლებთანაც რეალურად არის დაკავშირებული ამ ომის დაწყება.
სწორედ ამ პროცესის დაპაუზებაში ადანაშაულებს კრემლი უკრაინასა და შტატებს. როგორც პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ბოლო პერიოდში მოლაპარაკების წინ წასვლა დამოკიდებული გახდა უკრაინის განწყობაზე, შტატების შუამოვლობასა და ფრონტზე არსებულ ვითარებაზე. რაც შეეხება რუსეთს, პესკოვის თქმით, ქვეყანა ყველაფერს ცდილობს, რომ მოლაპარაკებები განახლდეს. პრესსპიკერმა ახალი შეთავაზებაც გააჟღერა - დაიწყოს მოლაპარაკებების მე-3 რაუნდი და სტამბულმა უმასპინძლოს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სტამბოლი მოლაპარაკებების სივრცედ განიხილება. როგორც ცნობილია, რუსეთსა და უკრაინას შორის თითქმის ყველა შეხვედრა ამ ქალაქში გაიმართა, მათ შორის წელს გამართული ბოლო ორი მოლაპარაკებაც. თუმცა კი, არც ამ ორს მოუტანია ხელშესახები შედეგი. მიზეზი მხარეების აბსოლუტურად წინააღმდეგობრივი მოთხოვნები გახდა - უკრაინა დაუყოვნებლივ, 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას ითხოვდა, რუსეთი კი ომის 2-3 დღით შეწყვეტას თანხმდებოდა, ისიც იმ მიზნით, რომ მხარეებს გარდაცვლილი ჯარისკაცები ფრონტის ხაზიდან გაეყვანათ. როგორც ცნობილია, მხარეებმა სტამბოლი ისე დატოვეს, რომ ცეცხლი ერთი დღითაც არ შეწყვეტილა. და თუ მაინც ვსაუბრობთ სააღდგომო დღეებსა და გამარჯვების დღეს ცეცხლის შეწყვეტაზე, რეალურად რუსეთს უკრაინის დაბომბვა მაშინაც არ შეუწყვეტია.
რეალური მოლაპარაკების არარსებობის ფონზე, რუსეთი განაგრძობს თავის საბრძოლო მოქმედებებს დონეცკისა და დნიპროპეტროვსკის რეგიონებში. გახშირებულია რაკეტებითა და დრონებით თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზეც. უკრაინული მხარისთვის სწორედ ეს არის მოლაპარაკებების გაყინვის მიზეზი. ოფიციალური კიევის შეფასებით, შეუძლებელია რეალურ სამშვიდობო საკითხებზე საუბარი მაშინ, როცა რუსეთი რიგით მოქალაქეებს ხოცავს.
არსებული ვითარების გათვალისწინებით, უცნობია, როდის დაიწყება მოლაპარაკებების მე-3 რაუნდი, თუმცა კრემლი ამ ინიციატივას მხარს უჭერს, თურქეთს კი შესაძლო მასპინძელ ქვეყანად განიხილავს. თავის მხრივ, ოფიციალური ანკარა გამოთქვამს მზადყოფნას, შეუქმნას ნეიტრალური სივრცე ორ დაპირისპირებულ მხარეს. რაც შეეხება უკრაინას, პრეზიდენტი ზელენსკი მხარს უჭერს სამ-მხრივი მოლაპარაკების დაწყებას რუსეთს, უკრაინასა და შტატებს შორის. მეტიც, ის თანახმაა, ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ პუტინი და ტრამპი.




























