მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი ხორბალზე საექსპორტო ბაჟს ამცირებს, იმპორტი კი იზრდება

646b6fcf9de27
ვიქტორია მღებრიშვილი
22.05.23 17:49
1095
რუსეთი 24 მაისიდან ხორბლის ექსპორტზე დაწესებულ მცურავ გადასახადს 4 727.6 რუბლიდან 4 644.4 რუბლამდე ამცირებს. რუსული გამოცემების ცნობით, ხორბლის საექსპორტო ბაჟის შემცირების ტემპი გასული კვირისგან განსხვავებით შენელდა და გასულ კვირას თუ კლება 10.4% იყო, მიმდინარე კვირიდან ბაჟი 1.8%-ით შემცირდება. აღსანიშნია ისიც, რომ საექსპორტო გადასახადი შვიდი კვირაა რაც მცირდება.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 1 ტონა ქერზე არსებული ბაჟი 2 117.8 რუბლიდან 1 599.1 რუბლამდე მცირდება, სიმინდზე მოქმედი ბაჟი კი 2 264.3-დან 2 565.8 რუბლამდე გაიზარდა. ახალი ტარიფები 31 მაისის ჩათვლით იმოქმედებს.

საექსპორტო გადასახადი საქონლის საინდიკაციო ფასებიდან დგება, რაც ერთ ტონა ხორბალზე 275.3 დოლარს (ნაცვლად არსებული 277.9 დოლარისა), ქერზე 204.9 დოლარს (215.9 დოლარი), ხოლო სიმინდზე - 223.2 დოლარს (220.4 დოლარი) შეადგენს.

ცნობისთვის: 2022 წლის 6 ივლისიდან საექსპორტო ბაჟს რუბლში ანგარიშობენ, რადგან 2022 წლის 30 ივნისს მთავრობამ ბაჟის დოლარიდან რუბლში გადაყვანის განკარგულება გამოსცა. რუსეთმა მარცვლეულზე საექსპორტო ბაჟი 2021 წლის 2 ივნისს აამოქმედა. ის ყოველკვირეულად საინდიკაციო ფასებიდან გამომდინარეობს, რომელიც მოსკოვის ბირჟაზე დარეგისტრირებული საექსპორტო ხელშეკრულებების ფასებს ეფუძნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსთვის ხორბლის მთავარი საიმპორტო ბაზარი რუსეთია. 2023 წლის 4 თვის მონაცემებით, ამ ბაზარზე დამოკიდებულება 96.4% იყო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წელს პირველი ოთხი თვის განმავლობაში ქვეყანაში ხორბლის იმპორტი, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით მცირედ 6.3%-ით გაიზარდა. შესაბამისად, ამ პერიოდში 45 580 ტონა ხორბლის შესაძენად საქართველოდან 14.4 მლნ დოლარი გავიდა.

რაც შეეხება რუსეთს, ამ პერიოდში საქართველომ რუსეთიდან 13.8 მლნ დოლარის 44 096 ტონა ხორბალი შეიძინა. ხორბალი და მესლინი რუსეთიდან იმპორტირებული უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფების ხუთეულში მეხუთე ადგილზეა. ამ ბაზრიდან საქონლის იმპორტი კი 4 თვის ჭრილში ღირებულების მიხედვით 17.2%-ითაა გაზრდილი..

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები