მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი ხორბლის საექსპორტო გადასახადს 12%-ით ზრდის

6396fa3855ae6
ვიქტორია მღებრიშვილი
12.12.22 16:43
629
რუსეთი 14 დეკემბრიდან ხორბლის ექსპორტზე დაწესებულ გადასახადს 12%-ით ზრდის.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 1 ტონა ხორბლის საექსპორტო ბაჟი 3 143.4 რუბლით განისაზღვრება, ნაცვლად არსებული 2 806.8 რუბლისა, რომელიც აქტიური 13 დეკემბრამდეა.

ქერზე არსებული ბაჟი 2 315 რუბლიდან 2603,1 რუბლამდე გაიზრდება, სიმინდზე მოქმედი ნულოვანი ბაჟი კი 76,2 რუბლი გახდება.

ახალი ტარიფები 20 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

საექსპორტო გადასახადი საქონლის საინდიკაციო ფასებიდან დგება, რაც 1 ტონა ხორბალზე 313.4 დოლარს (ნაცვლად არსებული 313.1 დოლარისა), ქერზე 282.9 დოლარს (283 დოლარი), ხოლო სიმინდზე 224.9 დოლარს (215.4 დოლარი) შეადგენს.

ცნობისთვის: 2022 წლის 6 ივლისიდან საექსპორტო ბაჟი რუბლში ანგარიშობენ, რადგან 2022 წლის 30 ივნისს მთავრობამ ბაჟის დოლარიდან რუბლში გადაყვანის განკარგულება გამოსცა.

რუსეთმა მარცვლეულზე საექსპორტო ბაჟი 2021 წლის 2 ივნისს ამოქმედდა. ის ყოველკვირეულად საინდიკაციო ფასებიდან გამომდინარეობს, რომელიც მოსკოვის ბირჟაზე დარეგისტრირებული საექსპორტო ხელშეკრულებების ფასებს ეფუძნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსთვის ხორბლის მთავარი საიმპორტო ბაზარი რუსეთია. იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, ამ ბაზარზე დამოკიდებულება 93% იყო. მიმდინარე წლის 10 თვეში ქვეყანაში ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. ოფიციალური სტატისტიკით, იმპორტირებული ხორბლის ღირებულება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 38.5%-ით, ხოლო მოცულობა 57.8%-ითაა შემცირებული. შესაბამისად, წელს 134 322 ტონა ხორბლის შესაძენად საქართველოდან 48.3 მლნ დოლარი გავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები