მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთიდან გაზის იმპორტი ბოლო ათი წლის მაქსიმუმზეა

გაზი მილსადენი

საქართველოში რუსეთიდან გაზის იმპორტი ბოლო ათი წლის მაქსიმუმზეა. სემეკის ინფორმაციით, გაზის იმპორტი განსაკუთრებით 2022-2023 წლებში გაიზარდა, როცა იმპორტირებული გაზის მოცულობამ ნახევარ მილიარდ მ³-ს გადააჭარბა.

2022 წელს რუსეთიდან იმპორტირებული იყო 520 მლნ მ³ გაზი, ხოლო 2023 წელს 596 მლნ მ³. რაც შეეხება წლევანდელ მონაცემებს, წელს 9 თვეში რუსეთიდან 488 მლნ მ³ გაზი შემოვიდა, რაშიც ქვეყანამ 93 მლნ დოლარზე მეტი გადაიხადა. ეს ნიშნავს, რომ 1000 მ³ გაზში დაახლოებით 191 დოლარია გადახდილი.

2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რუსეთიდან გაზის იმპორტი თითქმის 7%-ით არის გაზრდილი. ამასთან, 2023 წელს 1000 მ³ გაზში დაახლოებით 185 დოლარი იყო გადახდილი.

რუსეთის წილის ზრდის მიუხედავად, საქართველოსთვის გაზის მთავარი მიმწოდებელი აზერბაიჯანია.

2023 წელს ქვეყნიდან ჯამური მოხმარების 80%-ის იმპორტი განხორციელდა, თუმცა 20%-მდე გაიზარდა რუსეთის წილი. ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ Gazprom-ისგან ნაყიდ გაზს მხოლოდ კომერციული სექტორი ანუ ბიზნესი მოიხმარს და მოსახლეობის გაზმომარაგება რუსულ გაზზე არ არის დამოკიდებული.

სემეკი წლიურ ანგარიშში წერს, რომ 2023 წელს, 2022 წლის მსგავსად, ჩანს რუსეთიდან ბუნებრივი გაზის მიღების შედარებით მაღალი მაჩვენებელი, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია ქვეყნის შიგნით ბუნებრივი გაზის გაზრდილი მოხმარებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები