2023 წლის მსგავსად, მიმდინარე წელს აზერბაიჯანიდან ბუნებრივი გაზის იმპორტის კლების, რუსეთიდან კი მატების ტენდენცია გრძელდება.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველომ რუსეთიდან 86.6 მლნ დოლარის ღირებულების გაზი იყიდა, რაც წლიურად 11.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო აზერბაიჯანიდან იმპორტი 35%-ით შემცირდა და 118.5 მლნ დოლარი შეადგინა.
იმპორტის მოცულობების შესახებ BMG-მა ინფორმაცია სემეკიდან გამოითხოვა. კომისიის მიერ მოწოდებული მონაცემებით, მიმდინარე წლის 5 თვეში რუსეთიდან იმპორტირებულია 468 985 079 მ³ ბუნებრივი გაზი, რაც წლიურად 12.1%-იანი ზრდაა. ხოლო აზერბაიჯანიდან კლება 14%-ია და ჯამში იმპორტირებულია 1 054 549 347 მ³ ბუნებრივი გაზი.
შესაბამისად, საქართველოს მიერ შესყიდული 1000 მ³ რუსული გაზის ფასი დაახლოებით 185 დოლარია, ხოლო აზერბაიჯანულის - 112 დოლარი.
17 ივნისის მთავრობის სხდომის შემდეგ, პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრს ჰკითხეს გაზის იმპორტის ტენდენციებზე, რაზეც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ დღეს საქართველოსთვის გაზმომარაგების კუთხით ოპტიმალური მდგომარეობა აქვს და იღებს გაზს ყველა მხრიდან საუკეთესო ფასად. გასულ წელს აზერბაიჯანიდან შემცირებულ იმპორტზე ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ ეს გადაწყვეტილებები კოორდინირებული იყო აზერბაიჯანთან და საქართველომ გაითვალისწინა ევროპელი პარტნიორების ინტერესები. ვიცე-პრემიერის მიერ მანამდე გაკეთებული განცხადებით, საქართველომ ევროკავშირის სასარგებლოდ 1.1 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზის შესყიდვა დათმო.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კავკასიური მილსადენიდან საქართველო შეღავათიან ფასად იძენს ე.წ. სოციალურ გაზს, რომელსაც გამოიყენებს მოსახლეობისა და თბოსადგურების ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფისთვის. სამხრეთ კავკასიური და ტრანს-ანატოლიური, შემდგომ კი ტრანს ადრეატიკული მილსადენების სისტემების გავლით აზერბაიჯანი თურქეთსა და ევროკავშირს აწვდის ბუნებრივ აირს. 2022 წელს ამ გაზსადენის დატვირთვა 19.8 მილიარდი კუბური მეტრი იყო. ამ მილსადენიდან საქართველოს მიერ ბუნებრივი აირის მიღების საკითხს შაჰდენიზის კონსორციუმთან გაფორმებული მრავალწლიანი ხელშეკრულება არეგულირებს.
საქართველო რუსულ ბუნებრივ აირს ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური მილსადენის მეშვეობით იღებს. მისი საშუალებით რუსული Gazprom-ი სომხეთს ბუნებრივ აირს აწვდის. 2022 წელს ამ გაზსადენის დატვირთვა 2.6 მილიარდი კუბური მეტრი იყო.