მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთიდან მარცვლეულის ექსპორტი შემცირებულია - რომელი ქვეყნები ყიდულობენ რუსულ ხორბალს?

ექსპორტი

1 ივნისიდან 17 ივნისის პერიოდში რუსეთიდან მარცვლეულის ექსპორტი მცირედით შემცირებულია. რუსული გამოცემები წერენ, რომ აღნიშნულ პერიოდში ჯამში 2.7 მლნ ტონა რუსული მარცვლეული გავიდა ექსპორტზე, რაც 11%-ით ნაკლებია გასული წლის პერიოდთან შედარებით.

რუსეთის მარცვლეულის კავშირის დირექტორის ელენა ტურინას ინფორმაციით, ხორბლის ექსპორტი 2 მლნ 380 ათასი ტონა იყო, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 0.8%-ით ჩამორჩება. ქერისა და სიმინდის რეალიზება უფრო მეტადაა შემცირებული.

„მიმდინარე ტენდენციებიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ივნისში მარცვლეულის ექსპორტი წინა სეზონთან შედარებით უფრო ნაკლები იქნება, გასულ წელს ამ პერიოდში 5.1 მლნ ტონა მარცვლეული გავიდა ექსპორტზე. წელს, ვფიქრობ, 4.9 მლნ ტონა გავა ექსპორტზე. მხოლოდ ხორბლის ექსპორტი წელს 4-4.1 მლნ ტონა იყო, გასულ წელს არსებული 4.2 მლნ ტონის ნაცვლად“, - განაცხადა რუსეთის მარცვლეულის კავშირის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ ამგვარად წელს 68 მლნ ტონა მარცვლეული გავა ექსპორტზე, აქედან 55.7 მლნ ტონა ხორბალი იქნება, რაც კავშირის მიერ არსებულ პროგნოზებზე მაღალი მაჩვენებელია.

მისივე ინფორმაციით, ივნისში რუსული ხორბლის მთავარი შემსყიდველი ეგვიპტე იყო, სადა 478 ათასი ტონა ხორბალი გადაიტვირთა. თუმცა ეს რიცხვი გასულ სეზონთან შედარებით 30%-ით ნაკლებია. მეორე ქვეყანა, სადაც რუსული ხორბალი ყველაზე დიდი რაოდენობით გავიდა საუდის არაბეთია, ამ მიმართულებით რუსეთმა 306 ათასი ტონა ხორბალი გაყიდა. რუსული ხორბლის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მესამე ადგილს 271 ათასი ტონით თურქეთი იკავებს, სადაც რუსული ხორბლის ექსპორტი 46%-ით შემცირდა, მას მოსდევს ალჟირი. მეხუთე ადგილს კი ბრაზილია იკავებს. ამ პერიოდში რუსული ხორბლის ექსპორტი 25 ქვეყანაში მოხდა, ნაცვლად გასული წლის 32 ქვეყნისა.

რუსული გამოცემა წერს, რომ შემცირებულია იმ პორტების რაოდენობაც, რომლებითაც ამ პერიოდში ხორბალი გადაიზიდებოდა. კონკრეტულად კი მარცვლეული კულტურები წელს 34 პორტის გავლით გავიდა ექსპორტზე. რაც შეეხება ფასს რუსეთის მარცვლეულის კავშირის დირექტორის ინფორმაციით, რუსული ხორბალი წელს 3.2%-ით გაიაფდა და ტონაზე 240 დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები