მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში რუსულთან ერთად ხორბალი ყაზახეთიდან და UAE-დანაც შემოვიდა - როგორია ფქვილის იმპორტი?

ფქვილი

საქართველოში I კვარტალში ხორბლის იმპორტი გაიზარდა, ფქვილის კი შემცირდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-მარტში, ქვეყანამ 21 მილიონ 410 ათასი დოლარის ღირებულების 84 499 ტონა ხორბალი შეიძინა. წლიური ზრდა 37.7%-ია. ფქვილის იმპორტი კი 28.7%-ით 2 მილიონ დოლარამდე შემცირდა. ორივე პროდუქტის მთავარი მომწოდებელი რუსეთია. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვა, რომ ხორბლის იმპორტის ზრდა და ფქვილის შემცირება, საქართველოს მთავრობის მიერ რუსული ხორბლის საექსპორტო ბაჟის საპასუხოდ ფქვილის იმპორტზე გადასახადის დაწესებამ განაპირობა.

ხორბლის გაზრდილი იმპორტი რუსეთიდან შესყიდვების გააქტიურებით არის განპირობებული. წელს იანვარ-მარტში საქართველომ 73 546 ტონა რუსული ხორბალში 18 მილიონ 796 ათასი დოლარი გადაიხადა. მთლიან იმპორტში მისი წილი 87.7%-ია.

უნდა აღინიშნოს, რომ წელს ხორბლის საიმპორტო ქვეყნების არეალი გაიზარდა. ამასთან, პირველ კვარტალში ყაზახური ხორბლის იმპორტი შემცირდა.

იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:

  1. რუსეთი - $18.7 მლნ, 73 546 ტონა;
  2. ყაზახეთი - $1.8 მლნ, 7 838 ტონა;
  3. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $748 ათასი, 3 086 ტონა;
  4. ბელარუსი - $16 ათასი, 21 ტონა;
  5. თურქეთი - $3.6 ათასი, 5 ტონა;

ფქვილის შემთხვევაში შემცირება რუსეთიდან პროდუქტის შეძენის კლებამ განაპირობა. I კვარტალში ქვეყანაში 1 მილიონი დოლარის ღირებულების 2 651 ტონა ფქვილი შემოვიდა, რაც 56%-იანი კლებაა. წელს ფქვილის იმპორტი გაიზარდა: თურქეთიდან, საიდანაც 461 ათასი დოლარის 751 ტონა ვიყიდეთ; აზერბაიჯანიდან 248 ათასი დოლარის 553 ტონა, იტალიიდან 173 ათასი დოლარის 157 ტონა, უკრაინიდან კი 58 ათასი დოლარის 109 ტონა ფქვილია იმპორტირებული.

რუსი ფერმერები მარცვლეულზე, პარკოსნებსა და ზეთოვან კულტურებზე საექსპორტო ბაჟის გაუქმებას ითხოვენ

ცნობისთვის, ხორბლის მთავარ მომწოდებელ ქვეყანაში 2022 წლიდან პროდუქტის ექსპორტზე დაწესებულმა გადასახადმა ქართველი მეხორბლეები და წისქვილები რთულ ვითარებაში ჩააყენა და ხორბლის შეძენა გაუძვირა. ამასთან, 2022 წელს რეკორდულად გაიზარდა ფქვილის იმპორტი, რადგან იმავე რუსეთში ამ დასახელების საქონელზე ნულოვანი საექსპორტო გადასახადი მოქმედებდა, რამაც ხორბლის იმპორტისადმი ინტერესი შეამცირა, ფქვილისადმი კი გაზარდა. შედეგად საქართველოში ხორბლის ადგილობრივი გადამუშავება, ფაქტობრივად, გაჩერდა, ფერმერებს კი მოყვანილი მოსავალს ვეღარ აბარებდნენ.

ქვეყანაში ხორბლის ბაზარზე შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, 2023 წელს დარგის წარმომადგენლების მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს მთავრობამ გასული წლის 12 ივნისიდან ქვეყანაში რუსული ფქვილის იმპორტზე 200-ლარიანი გადასახადი დააწესა. გადაწყვეტილება ძალაში პირველ ნოემბრამდე უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით, ოქტომბერში მთავრობამ, ისევ დარგის მოთხოვნით, ფქვილის იმპორტის გადასახადი 250 ლარამდე გაზარდა, ვადა კი 2024 წლის პირველ მარტამდე გაახანგრძლივა. ფქვილის გარდა, იმპორტის გადასახადი ქერსა და ქატოზეც დაწესდა, რაც ტონაზე 100 ლარითაა განსაზღვრული. დარგის წარმომადგენლების შეფასებით, გადაწყვეტილებამ იმუშავა და ქვეყანაში ხორბლის იმპორტი გაიზარდა, ფქვილის კი შემცირდა. საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის მოთხოვნის საფუძველზე, მთავრობამ ქვეყანაში ფქვილსა და სხვა მარცვლეულზე საიმპორტო გადასახადი მარტის შემდეგ 1 სექტემბრამდე გაახანგრძლივა. ეს იმ დროისთვის მეორე გადავადება იყო. თუმცა აგვისტოში კვლავ დარგის წარმომადგენლების მოთხოვნით და მთავრობის გადაწყვეტილებით, გადასახადის მოქმედების ვადა 2025 წლის 1-ელ მარტამდეა გახანგრძლივებული, შემდეგ კი 2025 წლის პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა. ამის შემდეგ დადგენილება შეიცვალა და გადასახადი განუსაზღვრელი ვადით იმოქმედებს, სანამ რუსეთი ხორბლის საბაჟო გადასახადს არ მოხსნის. მეხორბლეების შეფასებით, გარდა იმისა, რომ ამ ვითარებამ სექტორზე დადებითად იმოქმედა, ქვეყნის ბიუჯეტშიც 2024 წელს გადასახადის სახით დაახლოებით 40 მლნ ლარი შევიდა.

2025 წელს ხორბლის და სიმინდის წარმოება შემცირდა - როგორი იყო მარცვლოვანი კულტურების მოსავლიანობა?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები