უძრავი ქონების კომპანია Rentals-ის მმართველი პარტნიორი ზურაბ ერისთავი საქართველოს უძრავი ქონების ბაზრით რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების დაინტერესებაზე კიდევ ერთხელ საუბრობს და ამბობს, რომ სექტორს მათი რეალური მიზნების გაგების უნარი ნაკლებად აქვს, ამიტომ ხელისუფლებას ამ თემით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
BMG-სთან ინტერვიუში ერისთავი ამბობს, რომ მოთხოვნაა, როგორც საცხოვრებელ, ისე საოფისე ფართებზე.
"ბოლო დღეებში რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების მხრიდან ზარების რაოდენობა იზრდება - რეკავენ როგორც ინდივიდუალურად საცხოვრებელის შეძენის მიზნით, ისე - კომპანიები. მაგალითად, დარეკა ერთმა მოქალაქემ და თქვა, რომ 15 ოჯახისთვის ეძებს ბინას და ასევე ოფისის დაქირავება უნდა. ეს არის სრულიად ახალი რეალობა; ასეთი ტემპით და ასეთი ინტენსივობით ეს პროცესი არ მიმდინარეობდა. ჩვენი ასოციაცია ამ თემაზე აქტიურად ფიქრობს, თუ როგორ მოვიქცეთ, მაგრამ ვფიქრობთ, ეს საქმე მარტო ჩვენი საფიქრალი და გასაკეთებელი არ არის, რადგან რთულია გავფილტროთ, რეალურად, ვინ რა მიზნით ჩამოდის. გასაგებია უკრაინიდან ჩამოსულები რატომ ჩამოდიან, მაგრამ რუსეთიდან ჩამოსულების რეალური მიზნების დადგენა ჩვენ არ შეგვიძლია. მაგალითად, გუშინ ნახევარი საათი ველაპარაკე ერთ-ერთ რუს მოქალაქეს, რომ დამედგინა რა პოლიტიკური შეხედულება ჰქონდა და რას გამოურბოდა სინამდვილეში, მაგრამ ამის ამ ფორმით მოგვარება ვერ მოხდება. ქირის თვალსაზრისით კიდევ შეიძლება დროებითი თავშესაფარის მიცემა; ადამიანურად რთულია უარის თქმა, როცა გეუბნებიან, რომ უნდათ, რეჟიმს გამოექცნენ, თუმცა ყიდვა უკვე სხვა საფრთხეს ქმნის. პირობითად, აქ რომ რუსეთიდან წამოსულმა 20 ათასმა ოჯახმა ბინა იყიდოს, ეს უკვე გეოპოლოტიკურ ვითარებას შეცვლის, ამიტომ დასაფიქრებელია სახელმწიფო დონეზე“, - განაცხადა ზურა ერისთავმა.
ცნობისთვის: რუსეთის ფედერაციის და ბელარუსიის სახელმწოფოს მოქალაქეების, თუ ბიზნეს სუბიექტების მხრიდან, საქართველოში უძრავი ქონების შეძენისა და გრძელვადიანი საიჯარო ხელშეკრულებების გაფორმების თაობაზე მაღალი დაინტერესების შესახებ გუშინ განცხდება საქართველოს უძრავი ქონების ასოციაციამაც გაავრცელა. ასოციაცია წევრ და პარტნიორ ორგანიზაციებს მოუწოდებს, მაქსიმალურად მაღალი ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ საქმიანობისას და არ დაუშვან, რომ უნებლიედ ისეთი გარიგებების მონაწილეები გახდნენ, რაც შესაძლოა, ქვეყანაში მოქმედ შიდა, საერთაშორისო კანონმდებლობასა თუ სართაშორისო შეთანხმებებს ეწინააღმდეგებოდეს.




























