აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები და საგარეო უწყებები ომის წლისთავს ეხმაურებიან, გმობენ რუსეთის ოკუპაციას, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთახმების პერმანენტულ დარღვევას და მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
გერმანიის საელჩო
„დღეს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 16 წელი სრულდება.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სეპარატისტული რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცალმხრივი აღიარება რუსეთის ფედერაციისა და სხვა სახელმწიფოების მიერ მიუღებელია.
მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს და 8 სექტემბრის შეთანხმებებით მასზე დაკისრებული ვალდებულებები“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
რუმინეთის საგარეო უწყება
„16 წლის წინ რუსეთმა საქართველოში სამხედრო შეჭრა განახორციელა, რაც საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევასა და აღმოსავლეთ სამეზობლოში რუსეთის აგრესიის კიდევ ერთ მაგალითს წარმოადგენს. როგორც სტრატეგიული პარტნიორები, რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერის ერთგული რჩება“, - აცხადებს რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ბრიტანეთის საელჩო
„დღეს, 16 წლის თავზე, ვიხსენებთ 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში, რუსეთის სასტიკი და უკანონო ქმედებების შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებს და დევნილებს.
გაერთიანებული სამეფო მტკიცედ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“,- აღნიშნულია განცხადებაში.
აშშ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირებას - საელჩო