საერთაშორისო გამოცემა Reuters-მა იმ კომპანიათა ფინანსური ანგარიშგებები გააანალიზა, რომლებმაც 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთში ოპერირება შეწყვიტეს და ამ ქვეყნის ბაზარი დატოვეს. მედიის ცნობით, საერთაშორისო ბრენდების საერთო ზარალმა, დაკარგული შემოსავლისა და პროდუქტის ჩამოწერის გამო, $107 მილიარდს მიაღწია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ზარალის მოცულობა თითქმის 30%-ით გაიზარდა 2023 წლის აგვისტოს შემდეგ, როდესაც Reuters-მა აღნიშნული კომპანიის შემოსავლები ბოლოს გააანალიზა. შესაბამისად, ცალსახაა, რომ, მოსკოვის თავდასხმის შედეგად, საერთაშორისო კომპანიებზე ფინანსური დარტყმის მასშტაბები დიდია.
“ვიდრე რუსეთის აგრესია გრძელდება და დასავლურ სამხედრო დახმარებას აყოვნებს, სანქციების რეჟიმი კი ხანგრძლივდება, კომპანიებს, რომლებიც რუსეთის ბაზრის დატოვებას ცდილობენ, კიდევ უფრო მეტ სირთულესთან გამკლავება მოუწევთ, ისევე როგორც შეგუება, რომ ზარალი კიდევ უფრო გაიზრდება”, - განაცხადა იან მეიზიმ, Corporate Intelligence-ის ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, დასავლეთის “უსამართლო და არადემოკრატიული” გადაწყვეტილებები დაგმო და მისგან იზოლირებას კიდევ უფრო აქტიურად ცდილობს, მათ შორის, პოლიტიკური წნეხის გავრცელებით.
მოსკოვი უცხოური აქტივების გასაყიდად მინიმუმ 50%-იან შეღავათს ითხოვს, რითაც მათი ბაზრის დატოვების მოთხოვნებს კიდევ უფრო ამკაცრებს და ხშირად 1 რუბლის ოდენობის ნომინალურ გადასახადებსაც იღებს.
მხოლოდ მიმდინარე წელს, რუსეთში Shell-ის, HSBC-ის, Polymetal Internation-ისა და Yandex-ის აქტივები ჯამში, თითქმის, $10 მილიარდს აღწევს, ფასდაკლება კი 90%-ს აღწევს. Reuters-ის ცნობით, საერთაშორისო ბრენდმა, Danone-მა, რუსული აქტივების გასაყიდად მარეგულირებლის თანხმობა მოიპოვა, თუმცა კომპანიის ზარალი $1.3 მილიარდია.
2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთის ბაზარი 1000-მდე კომპანიამ დატოვა.