რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების და რეფინანსირების განაკვეთის 9.5%-დან 8%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ეს ომის დაწყებამდე არსებულ განაკვეთზე დაბალია.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მონეტარულმა კომიტეტმა განაკვეთი 9.5%-დან პირდაპირ 20%-იან ნიშნულამდე გაზარდა, თუმცა რუბლის გამყარების ფონზე, ცენტრალური ბანკი განაკვეთის ეტაპობრივად შემსუბუქების პოლიტიკაზე გადაერთო. ამჟამად, ერთი დოლარი 59 რუბლი ღირს.
კერძოდ, 11 აპრილს განაკვეთი 17%-მდე შემცირდა, მაისში განაკვეთმა 14%-მდე, შემდეგ კი 11%-მდე შეამცირა, 14 ივნისს განაკვეთმა დამატებით 9.5%-მდე იკლო ხოლო დღეს მიღებული გადაწყვეტილებით ის 8%-მდე შემცირდა.
“2022 წლის 22 ივლისს რუსეთის ბანკის დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა საბაზისო განაკვეთი 150 საბაზისო პუნქტით შეემცირებინა 8,00%-მდე. სამომხმარებლო ფასების ზრდის მიმდინარე ტემპები რჩება დაბალი, რაც წლიური ინფლაციის შემდგომ შენელებას უწყობს ხელს. ეს განპირობებულია როგორც ერთჯერადი ფაქტორების ერთობლიობის გავლენით, ასევე მომხმარებელთა შემცირებული მოთხოვნით. შინამეურნეობებისა და ბიზნესების ინფლაციური მოლოდინები მნიშვნელოვნად შემცირდა და მიაღწია 2021 წლის გაზაფხულის დონეს. ბიზნეს აქტივობის კლება უფრო ნელია, ვიდრე ბანკი ივნისში ელოდა, თუმცა რუსეთის ეკონომიკისთვის საგარეო ფაქტორები კვლავ გამოწვევად რჩება და კვლავაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ეკონომიკურ აქტივობას.
პროგნოზის მიხედვით, მონეტარული პოლიტიკის პოზიციიდან გამომდინარე, წლიური ინფლაცია 2022 წელს 12.0-15.0%-მდე შემცირდება, ხოლო 2023 წელს 5-7%-მდე და 2024 წლისთვის 4%-ს დაუბრუნდება.




























