მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა

639d57b68a5c8
გიორგი თოლორდავა
17.12.22 12:00
586
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 7.5%-იან ნიშნულზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რაც სრულ თანხვედრაშია ანალიტიკოსების პროგნოზთან.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მონეტარულმა კომიტეტმა განაკვეთი 9.5%-დან პირდაპირ 20%-იან ნიშნულამდე გაზარდა. რუბლის გამყარების ფონზე კი, ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივად შემსუბუქების სტრატეგიაზე გადაერთო.

მიმდინარე თვეში რუსეთში ინფლაციის დონე 12.6%-იან ნიშნულზეა, რაც ომის დაწყების შემდეგ დაფიქსირებული მინიმალური მაჩვენებელია.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელებულია, რაც მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივი შემსუბუქების საშუალებას იძლევა. ცნობისთვის, გასულ თვესაც რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 7.5%-იან ნიშნულზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ცნობისთვის, ცენტრალური ბანკი წლის ბოლომდე ინფლაციის 12%-მდე შემცირებას პროგნოზირებს. 2023 წლისთვის კი 5.0 – 7.0%-იანი ინფლაციაა ნავარაუდევი.

რაც შეეხება მშპ-ის მაჩვენებელს, მიმდინარე წლის სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთის ფედერაციის ეკონომიკა 5%-ით შემცირდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აგვისტოში მშპ-ის ვარდნის მაჩვენებელი 4 პროცენტს შეადგენდა, ხოლო წლის მესამე კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა 4.4%-ითაა შემცირებული.

საერთო ჯამში, წლის ბოლოსთვის სამინისტრო მშპ-ის მოცულობის 2.9%-ით შემცირებას პროგნოზირებს, რაც წლის დასაწყისში პროგნოზირებულ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდასთან შედარებით გაცილებით უარესი მაჩვენებელია, თუმცა მნიშვნელოვნად აღემატება მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის მიერ ომის დაწყების შემდეგ პროგნოზირებულ მაჩვენებელს.

ოფიციალური უწყების განმარტებით, ეკონომიკის შემცირების მიზეზი დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები და "ნაწილობრივი მობილიზაციაა", რომელზეც დიდი რაოდენობით მატერიალური და ადამიანური რესურსები იხარჯება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები