რუსეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები ფინანსური ინფორმაციის ურთიერთგაცვლაზე შეთანხმდნენ. კერძოდ, მხარეებმა აიღეს ვალდებულება, გაცვალონ საგადასახადო მიზნებისთვის საჭირო ინფორმაცია, რითაც რუსეთის საგადასახადო ორგანოებს მიენიჭათ წვდომა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რუსეთის მოქალაქეების შემოსავლების, აქტივებისა და ანგარიშების შესახებ ინფორმაციაზე.
ეს შეთანხმება ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისა და გადასახადებისგან თავის არიდების წინააღმდეგ ბრძოლის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილია.
რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახური უფრო მეტად დაინტერესდა რუსების ანგარიშებით არაბთა გაერთიანებული საამიროების ბანკებში, რაც საამიროებში გადასული რუსი მილიარდერებისთვის თუ რუსული ბიზნესებისთვის, რომლებიც ინფორმაციას უმეტესად არ ამჟღავნებენ, შესაბამისი უწყებების მიმართ მეტ ანგარიშვალდებულებას მოასწავებს. აღსანიშნავია, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები თავშესაფრად იქცა რუსი ბიზნესმენებისთვის, რომლებიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დასავლეთის სანქციების შედეგებს გაურბოდნენ.
ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებაზე შეთანხმება 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, რაც ითვალისწინებს რომ რუსეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების იურიდიული და ფიზიკური პირები არ გადაიხდიან ორჯერ გადასახადს ერთი და იგივე ტიპის შემოსავალზე საკუთარ ქვეყანაში და პარტნიორ ქვეყანაში.
არსებობს მოლოდინი, რომ შედეგად რუსი ბიზნესმენები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში არსებულ აქტივებთან დაკავშირებული „პრეტენზიების ტალღას“ მიიღებენ, რამდენადაც ვერ აიცილებენ თავიდან შემოსავლის წყაროების გამჟღავნებას.




























