ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი ამბობს, რომ აშშ-ის მიერ რუსეთის ენერგეტიკული სექტორისთვის დაწესებული სანქციები დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას რუსეთთან მოლაპარაკებებში უპირატესობას ანიჭებს.
10 იანვარს შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ენერგეტიკულ სექტორისთვის სანქციების ყველაზე მასშტაბური პაკეტი მიიღო. შეზღუდვები ეხება 80 ფიზიკურ და იურიდიულ პირს. მათ შორის: რუსეთის ნედლი ნავთობის და გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) ძირითადი მწარმოებლების ოპერატორებს; რუსული ნავთობის მსხვილ კომპანიებს, Gazprom Neft-სა და Surgutneftegas-ს.
"უკრაინის ტრანზიტის შეწყვეტა დიდი ხანია ცნობილია და ეს აისახა კიდეც ბაზარზე. ფასი მუდმივად იზრდებოდა 2024 წლის განმავლობაში და პიკს პირველ იანვარს მიაღწია. შემდეგ ქვევით წამოვიდა და მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა. აშშ-ის სანქციებს უფრო დავუკავშირებდი ადმინისტრაციის ცვლილებას იმიტომ, რომ ტრამპის მოსვლასთან ერთად იგეგმება მოლაპარაკება რუსეთთან უკრაინაში ომთან დაკავშირებით. ეს საკმაოდ ძლიერი სანქციაა, რომელიც პლატფორმას ქმნის სამომავლო მოლაპარაკებისთვის რომ რუსეთი უფრო დამყოლი გახდეს.
სანქციებში მოხვდა რუსეთის მთავარი ნავთობკომპანიები Surgutneftegas და Gazprom Neft, ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია სერვისის მიმწოდებელი კომპანიები, ასევე დაზღვევის კომპანიები. სანქციები ეხება ატომური მრეწველობის პირებსა და ორგანიზაციებს. ჯამში საკმაოდ ფართოა და მოიცავს დაახლოებით 150 ადამიანსა და ორგანიზაციას", - ამბობს მარგველაშვილი.
მიღებული სანქციებით იბლოკება სანქცირებული პირების საკუთრებაში არსებული ქონება, რომლებიც მდებარეობს შეერთებულ შტატებში. გარდა ამისა, ბლოკირებას ექვემდებარება ყველა ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის საკუთრებაში, პირდაპირ ან არაპირდაპირ, 50 პროცენტზე მეტი წილი ეკუთვნის ერთ ან მეტ სანქცირებულ პირს.




























