რუსეთის ცენტრალური ბანკის მფლობელობაში არსებული აქტივების საერთო მოცულობა 723 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს ოფიციალური უწყების ინფორმაციით, 9.2 მილიარდი დოლარით გაზრდილი მაჩვენებელია და რეკორდულ შედეგს წარმოადგენს, რასაც, თავის მხრივ, რუსული რუბლის გამყარება და საბაზრო დინამიკა განაპირობებს.
როგორც მარეგულირებელი განმარტავს, ზრდის განმაპირობებელი ძირითადი მიზეზი საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს გაძვირებაა, რომელსაც რუსულ რეზერვში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, კერძოდ, საუბარია თითქმის $250 მილიარდის ოქროზე და მის ციფრულ სერტიფიკატებზე.
სავალუტო რეზერვის მოცულობას რაც შეეხება, ის დაახლოებით 420 მილიარდ დოლარს შეადგენს, აქედან $390 მილიარდი კი უცხოურ ვალუტაზე მოდის.
უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული პორტფელის თითქმის ნახევარი დასავლურ იურისდიქციაშია გაყინული და ცენტრალურ ბანკს მასთან წვდომა არ აქვს, თუმცა ის ფინანსურ ანგარიშგებაში მაინც აღირიცხება და რუსეთის მთავრობის ბალანსზე რჩება.




























