რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ ანტერპრენიორი ოლეგ ტინკოვი უცხოური გავლენის აგენტების სიაში შეიყვანა - აღნიშნული გადაწყვეტილება ოფიციალურია, ცვლილება კი სამინისტროს რეესტრში უკვე აისახა.
სამინისტროს შეფასებით, ოლეგ ტინკოვი, რომელიც წლებია, რაც რუსეთის ფედერაციაში აღარ ცხოვრობს, სხვადასხვა ანტირუსული მასალის მომზადებაში არის მხილებული, ხოლო თავად არაერთხელ გამოსულა უკრაინაში მიმდინარე ომის საწინააღმდეგოდ, რაც რუსეთში, დასჯად ქმედებას წარმოადგენს.
ოლეგ ტინკოვი, რამდენიმე წლის წინ, რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო, რომლის ქონებას ამერიკული Forbes-ი $4.7 მილიარდად აფასებდა. ამ თანხის უდიდესი ნაწილი ტინკოვის მიერ შექმნილი ნეობანკ - Tinkoff Bank-ის აქციებზე მოდიოდა, რომლებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრებოდა. თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ოლეგ ტინკოვის ცხოვრება შეიცვალა - ანტერპრენიორი არაერთხელ გამოვიდა ომის წინააღმდეგ, რის შემდეგაც რუსეთის ხელისუფლებამ ბანკის წილის გაყიდვა აიძულა, როგორც თავად ამბობს - “კაპიკებში”. მოგვიანებით, ოლეგ ტინკოვმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაც დათმო.
ტერმინი “უცხოური აგენტი” რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობაში პირველად 2012 წელს გამოჩნდა, როცა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ვლადიმირ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მასშტაბური აქციები იმართებოდა, რომელთა შედეგად ათასობით ადამიანი დააკავეს. თავდაპირველად, უცხოური აგენტების რეესტრში ის არაკომერციული ორგანიზაციები ხვდებოდნენ, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსდებოდნენ, მაგრამ მოგვიანებით, სია გაფართოვდა და დღეს, მასში მედიასაშუალებების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ვლადიმირ პუტინის რეჟიმის კრიტიკოსები ხვდებიან.
თუმცა უცხოური აგენტების სიაში მოხვედრით გამოწვეული რეპუტაციული ზიანის გარდა, ეს ადამიანები ვალდებულნი არიან რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს საკუთარი საქმიანობისა და დაფინანსების წყაროების შესახებ ანგარიში ჩააბარონ და თან, არ შეუძლიათ აწარმოონ და გაყიდონ პროდუქცია, ჩაატარონ საჯარო ღონისძიებები და გაწევრიანდნენ საარჩევნო კომისიაში.