რუსეთის ფედერაციის სამთავრობო კაბინეტში ცვლილებებია. ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან სერგეი შოიგუ გადააყენა და მის ნაცვლად, ქვეყნის ყოფილი პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკურ საკითხებში მისი ყოფილი მრჩეველი, ანდრეი ბელოუსოვი დანიშნა. ეს ცვლილება იმით არის საინტერესო, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სერგეი შოიგუ რუსეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად ითვლებოდა. რუსეთი, როგორც ჩანს, უკრაინაში გრძელვადიანი ომისთვის ემზადება, რაც სამხედრო ბიუჯეტის ზრდის აუცილებლობას აჩენს და თავდაცვის მინისტრად ეკონომისტის დანიშვნა, სწორედ ამაზე მიუთითებს.
თავად სერგეი შოიგუმ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელად გადაინაცვლა, ხოლო ნიკოლაი პატრუშევს, რომელიც ამ უწყებას ხელმძღვანელობდა, ვლადიმირ პუტინმა სხვა სამსახური შეურჩია, კონკრეტულად - სად, ამ ეტაპზე უცნობია. აღნიშნული ცვლილებები, რომლებიც ვლადიმირ პუტინის მხრიდან უკრაინაში წარმოებული ომის მისთვის არადამაკმაყოფილებელ შედეგებზე მიუთითებს, სამთავრობო კაბინეტში მას შემდეგ განხორციელდა, რაც ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის პრეზიდენტის ფიცი უკვე მეხუთედ დადო.
ბოლო პერიოდში, ფრონტის ხაზზე ერთგვარი უმოძრაობა შეიქმნა, რადგან ომის დაწყებიდან ორი წლისა და სამი თვის შემდეგ, პრობლემებმა თავი ორივე მხარეს იჩინა. უკრაინის მხარეს მთავარ პრობლემად ჯერ კიდევ სამხედრო შეიარაღებისა და ადამიანური ძალის ნაკლებობა რჩება, მაგრამ ჯარისკაცები, რეალურად, ვლადიმირ პუტინსაც აკლია. გამომდინარე იქიდან, რომ მორიგი საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება პოლიტიკურად ძვირად ღირებული გადაწყვეტილებაა, ამისგან რუსეთის პრეზიდენტი ჯერაც თავს იკავებს. დღევანდელი მდგომარეობით, რუსეთი უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით მეხუთედს აკონტროლებს, მაგრამ ბოლო კვირებში, პროგრესი მინიმალურია.
ვინ არის ანდრეი ბელოუსოვი და რატომ დანიშნა ის ვლადიმირ პუტინმა ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე?
ანდრეი ბელოუსოვი 65 წლის ეკონომისტია, რომელმაც კარიერა რუსეთის მეცნიერების აკადემიაში დაიწყო, მაგრამ 2008 წელს, იმ დროს რუსეთის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმირ პუტინის მთავრობაში გადაინაცვლა, სადაც პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ეკონომიკისა და ფინანსების დეპარტამენტს გაუძღვა. მოგვიანებით, ვლადიმირ პუტინი რუსეთის პრეზიდენტად აირჩიეს, რის შემდეგაც ბელოუსოვმა ჯერ ეკონომიკის მინისტრად, შემდეგ კი ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად გადაინაცვლა. ამ პერიოდში, ანდრეი ბელოუსოვი ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთ ყველაზე ახლო ადამიანად იქცა და რუსეთის მიერ სამხედრო ბიუჯეტზე გადაწყობა, რაც დიდწილად, ენერგორესურსების, ძვირფასი ლითონებისა და სამთო მოპოვების ინდუსტრიაში არსებული კომპანიებისთვის გადასახადების გაზრდით გახდა შესაძლებელი, სწორედ ბელოუსოვს უკავშირდება.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრად ანდრეი ბელოუსოვის დანიშვნას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს და ის, პირველ რიგში, ამ უწყების ყოფილ ხელმძღვანელს, სერგეი შოიგუს უკავშირდება. ამ მხრივ, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ კერძო სამხედრო დაჯგუფების “ვაგნერის” აწ უკვე გარდაცვლილი ლიდერი, მილიარდერი ევგენი პრიგოჟინი, რომელიც საეჭვო ვითარებაში სწორედ მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც სერგეი შოიგუს წინააღმდეგ აჯანყება მოაწყო. აჯანყების ჩახშობის ფონზე, სერგეი შოიგუმ თავდაცვის მინისტრის თანამდებობის შენარჩუნება შეძლო, მაგრამ ცოტა ხნის წინ, კორუფციასთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვია მისი მარჯვენა ხელი და ყოფილი მოადგილე, ტიმურ ივანოვი. ამრიგად, სამინისტროში ანდრეი ბელოუსოვის გამოჩენა ამ პრობლემის აღმოფხვრასაც ემსახურება, რადგან როგორც კრემლის ინსაიდერები ამბობენ, პუტინი ბელოუსოვს არაკორუმპირებულ და სანდომიან ჩინოვნიკად თვლის.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ ამ ცვლილებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა აქვს, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირდება. გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინასთან ომში გამარჯვებას რუსეთი ეგზისტენციალურ, ანუ სიკვდილ-სიცოცხლის საქმედ აღიქვამს, მთელი სამთავრობო რესურსი ამ მიზნის სრულყოფისკენ არის მიმართული. ამრიგად, რუსეთის მთელი ეკონომიკა სამხედრო წარმოებაზე არის გადართული, ხოლო მთელ ამ პროცესს, თავიდან ბოლომდე, ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ვლადიმირ პუტინი კურირებს.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის შეფასებით, რუსეთის ეკონომიკის დღევანდელი აგებულება საბჭოთა კავშირის 1980-იანი წლების ეკონომიკას წააგავს, როცა ძალოვან სტრუქტურებზე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 7.4% მოდიოდა. გამომდინარე იქიდან, რომ სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის ფუნქციონირება, მით უმეტეს ომის დროს, მნიშვნელოვან ფინანსურ კალკულაციებს საჭიროებს და როგორც ჩანს, ამიერიდან, ამ კალკულაციებს კრემლში ეკონომისტ ანდრეი ბელოუსოვს ანდობენ, ხოლო მისი წინამორბედი სერგეი შოიგუ, ფაქტობრივად უფუნქციოდ დარჩენილ უშიშროების საბჭოში გადაიყვანეს.