რუსული სახელმწიფო მედიასააგენტო TASS რუსეთის მოქალაქეთა სამოგზაურო ტენდენციების შესახებ მასალას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, TOP 3 ყველაზე მოთხოვნად სამოგზაურო მიმართულებას შორის დროებით ოკუპირებული აფხაზეთი ხვდება. ათეულში ცალკეა შესული საქართველოც.
სასტუმროებისა და ბინების ჯავშნის რუსული ონლაინ პლატფორმა Ostrovok-ის კვლევის თანახმად, რუსი მოგზაურების მხრიდან ბოლო დროს ინტერესი განსაკუთრებით დსთ-ის ქვეყნების მიმართ გაიზარდა და, 2025 წლის ზაფხულში, სასტუმროთა ჯავშნების რაოდენობამ ყველაზე მეტად ყაზახეთის მიმართულებით იმატა. TASS-ის თანახმად, ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მკვეთრი ზრდა საფრანგეთის მიმართულებით დაფიქსირდა, აზიაში კი - ვიეტნამში.
"დსთ-ს ქვეყნების მიმართ ინტერესი განსაკუთრებით შესამჩნევად გაიზარდა ამ ზაფხულს; ყაზახეთში, გასულ წელთან შედარებით, ჯავშნების რაოდენობა 64%-ით გაიზარდა, სომხეთში - 55%-ით, საქართველოში - 37%-ით, ყირგიზეთში - 27%-ით, ხოლო უზბეკეთში - 16%-ით. ევროპის ქვეყნებს შორის მოთხოვნის ზრდის მხრივ ლიდერობენ საფრანგეთი (+21%), ესპანეთი (+15%) და იტალია (+5%). აზიაში კი ვიეტნამი (+35%) და მალდივის კუნძულები (+18%) გამოირჩევიან“, - წერს გამოცემა.
"Ostrovok-ის, ამ ზაფხულს სამი ყველაზე პოპულარული "უცხოური დასასვენებელი ადგილი" ბელარუსი, თურქეთი და [ოკუპირებული] აფხაზეთი იყვნენ - მიმართულებები, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეები მარტივი სატრანსპორტო წვდომისა და უვიზო მიმოსვლის გამო ირჩევენ.
ათ ყველაზე პოპულარულ ქვეყანას შორის ასევე შედიან საქართველო, ყაზახეთი, სომხეთი, ტაილანდი, იტალია, უზბეკეთი და ჩინეთი", - ვკითხულობთ ვებგვერდზე.
რუსეთის ფედერაცია არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და აღიარებს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობას; რუსული სააგენტოები მას საქართველოსგან გამოყოფენ და რეიტინგში ცალკე ქვეყნადაა შესული.




























