მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთის მოქალაქეებმა უკრაინასთან ომის დაწყების პირველ დღეს 111 მლრდ რუბლი გაანაღდეს

6218d79f25711
ვიქტორია მღებრიშვილი
25.02.22 19:18
1154
უკრაინაში სამხედრო ოპერაციის პირველ დღეს რუსეთის მოქალაქეებმა ბანკომატებიდან 111 მლრდ რუბლი მოხსნეს. ინფორმაციას RBC რუსეთის ცენტრალური ბანკის სტატისტიკაზე დაყრდნობით წერს. გამოცემაში აღნიშნავენ, რომ განაღდებული თანხის მოცულობა პანდემიის დაწყების შემდეგ მაქსიმალური თანხაა.

24 თებერვალს რუსეთში ნაღდი ფულის მოცულობა 111.3 მლრდ რუბლით გაიზარდა. ეს 2020 წლის 27 მარტის შემდეგ რეკორდული მატებაა - მაშინ პანდემიის დაწყების ფონზე რუსეთის პრეზიდენტი მსხვილი ანაბრების საპროცენტო განაკვეთზე გადასახადის დაწესების ინიციატივით გამოვიდა, რის შემდეგაც მოსახლეობამ და ბიზნესმა 174.9 მლრდ რუბლი გაანაღდეს.

გამოცემა წერს, რომ ცენტრალური ბანკის სტატისტიკაში 23 თებერვალს - დასვენების დღეს განაღდებული თანხის მონაცემებიც არის შესული.

ცნობისთვის: 21 თებერვლის საღამოს პუტინმა დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები აღიარა. 22 თებერვალს ცენტრალური ბანკის მონაცემებით, მიმოქცევაში ნაღდი ფულის მოცულობა 1.9 მლრდ რუბლით გაიზარდა. 24 თებერვლის დილას კი პუტინმა საგანგებო განცხადება გააკეთა და დონბასში სამხედრო მოქმედებების დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ რუსეთის საფინანსო ბირჟების ჩამოშლა დაიწყო: რუსული რუბლი სხვა ძირითად უცხოურ ვალუტებთან მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა, საფონდო ინდექსმა კი 33.3% დაკარგა. ამ ფონზე რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ინტერვენციების განხორციელება დაიწყო, რათა მასზე გაზრდილი მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა და რუბლზე ზეგავლენა შეემსუბუქებინა. ბირჟებზე ხანმოკლე ვაჭრობა აიკრძალა.

ამის გათვალისწინებით რუსეთის მსხვილი ბანკების მომხმარებელს თანხის განაღდებისას სირთულეები შეექმნა, რაც ბანკომატებთან არსებულ გრძელ რიგებში და ბანკომატების არასაკმარის რაოდენობაში გამოიხატებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები