მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის მოქალაქეებზე უძრავი ქონების გასხვისება უნდა დარეგულირდეს - “Remax Capital”

622098d7339f6
ინგა მურუსიძე
03.03.22 17:28
2924
"ჩვენ უძრავ ქონებას არ ვასხვისებთ რუსეთის მოქალაქეებზე და მიგვაჩნია, რომ ამ საკითხს სჭირდება სპეციალური რეგულაცია სახელმწიფოს მხრიდან", - ამის შესახებ “Remax Capital”-ის დამფუძნებელი, მარიამ ასათიანი აცხადებს.

მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე რუსული კომპანიების და მოქალაქეების მხრიდან საქართველოს მიმართ დაინტერესება დიდია და მოსალოდნელია, ინტერესის კიდევ უფრო გაზრდა და მიიჩნევს, რომ ამას სახელმწიფო მომზადებული უნდა დახვდეს.

საკითხზე მარიამ ასათიანმა BMG -ს გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერშიც ისაუბრა.

„ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 20% და რომელთანაც საომარ მდგომარეობაში ვართ, მისი მოქალაქეები არ უნდა ყიდულობდნენ ჩვენთან უძრავ ქონებას. ჩვენი კომპანიისთვის ეს ახალი არ არის. უკვე 8 წელია ბაზარზე ვართ და არცერთი რუსეთის მოქალაქისთვის ქონება არ მიგვიყიდია, თუმცა ეს ჩვენი ნაბაყოფლობითი გადაწყვეტილება და არჩევანია. თუ ეს არ დარეგულირდება სახელმწიფო დონეზე, ცალკეული პირების სამოქალაქო პასუხისმგებლობის საგანი არ უნდა იყოს. დღეს ვხედავთ უკრაინაში მცხოვრებ დივერსანტებს, რომლებიც ეხმარებიან ომში რუსეთს“, - განაცხადა მარიამ ასათიანმა.

ასათიანი ამბობს, რომ დღეს დიდი დაინტერესება და გაყიდვებია რუსეთის მოქალაქეებზე გუდაურში, ბათუმსა და თბილისში და ეს წლებია ასე გრძელდება.

მისი თქმით, არც 2008 წელს და არც მას შემდეგ რუსეთის მოქალაქეებზე ქონების გაყიდვა აკრძალული არ ყოფილა, თუმცა ეს აუცილებელია.

„ჩვენ არაერთი ინიციატივა გვქონდა ამ საკითხზე, ვხედავთ, რომ საკითხის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. არის არგუმენტები, რომ ეს არის დისკრიმინაცია, პრობლემები შეიქმნება ეკონომიკაში და ა.შ. თუმცა ჩემი ხედვა ასეთია - როცა საქმე ეხება ეროვნულ ინტერესებს და სახელმწიფო უსაფრთხოებას, ეკონომიკური პერსპექტივების გარჩევა უბრალოდ ამორალურია. გარდა ამისა, თუ საუბარია ეროვნულ დისკრიმინაციაზე, ასე არ არის. არავინ ეთნიკურად რუსებს არ ეწინააღმდეგება. ჩვენ მიგვიყიდია მათთვის ქონება, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან“, - ამბობს მარიამ ასათიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები