Tinkoff Bank-ის დამფუძნებელი რუსი მეწარმე და ინვესტორი, ოლეგ ტინკოვი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაზე უარს ამბობს.
"მივიღე გადაწყვეტილება, რომ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი მეთქვა. არ მინდა კავშირი მქონდეს იმ ქვეყანასთან, რომელმაც მშვიდობიანი მეზობლის წინააღმდეგ უმიზეზოდ დაიწყო ომი, რომელიც ყოველდღიურად უდანაშაულო ადამიანებს კლავს. ამ ქვეყნის პასპორტის ტარება ჩემთვის სირცხვილია", - განაცხადა ტინკოვმა.
მისი თქმით, ის იმედოვნებს, რომ ანალოგიურ გადაწყვეტილებას სხვა რუსი მილიარდერები და გავლენიანი პირებიც მიიღებენ, რათა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეჟიმი ეტაპობრივად დასუსტდეს და საბოლოოდ დაემხოს.
"ეს შეშლილი დიქტატორის სასტიკი ომია. პუტინის რუსეთი მეზიზღება, თუმცა მიყვარს ყველა ის რუსი, ვინც ამ გიჟური ომის წინააღმდეგაა", - დასძინა მან.
ოლეგ ტინკოვი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ტექნოლოგიური ნეობანკის, Tinkoff-ის დამფუძნებელია, რომელიც მოსკოვში 2006 წელს დაარსდა. 2021 წელს ტინკოვის ქონება 4 მილიარდ დოლარს აღწევდა, თუმცა Forbes-ის შეფასებით, ამჟამად მისი ქონება 650 მილიონ დოლარამდეა შემცირებული.
მისი დაღმასვლა იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ გავრცელებული კრიტიკული განცხადებების გამო, მას Tinkoff Bank-ის იძულებით გაყიდვა მოუწია.
The New-York Times-თან ინტერვიუში ბიზნესმენმა განაცხადა, რომ მას ბანკის გაყიდვის გადაწყვეტილება საკუთარი ნებით არ მიუღია. ტინკოვის თქმით, რუსეთის მიერ დაწყებული ომის საჯაროდ გაკრიტიკების გამო, მთავრობის წარმომადგენლებმა ის სამაგალითოდ დასაჯეს და მას Tinkoff Bank-ის გაყიდვა აიძულეს, თანაც რეალურ საბაზრო ფასთან შედარებით გაცილებით უფრო იაფად.
„ფასის განხილვის უფლება არ მომცეს. მძევალივით ვიყავი, იძულებული გავხდი იმაზე დავთანხმებულიყავი, რაც მათ შემომთავაზეს - მოლაპარაკების უფლება არ მქონდა. ზუსტ ფასს ვერ დავასახელებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ აქტივის რეალური საბაზრო ღირებულების დაახლოებით 3% გადამიხადეს, „კაპიკებში“ მომიწია ჩემი ქონების დათმობა“, - განაცხადა ოლეგ ტინკოვმა.
Tinkoff Bank-ის ახალი მფლობელი Interros Group-ი გახდა, რომელიც სანქცირებულ რუს ოლიგარქ ვლადიმირ პოტანინს ეკუთვნის.
ტინკოვის განმარტებით, სოციალურ ქსელში კრიტიკული განცხადების გავრცელებიდან რამდენიმე საათში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის წარმომადგენლები Tinkoff Bank-ის ხელმძღვანელობას დაუკავშირდნენ და დაემუქრნენ, რომ თუ ბანკი არ შეიცვლიდა სახელს და არ გაწყვეტდა მის მფლობელთან კავშირს, ის ნაციონალიზაციას დაექვემდებარებოდა და სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდოდა.
აღსანიშნავია, რომ ტინკოვი წლების განმავლობაში ლონდონში ცხოვრობდა და ცდილობდა რუსეთის მთავრობისგან დისტანცირებას, მიუხედავად ამისა, ის მაინც აღმოჩნდა დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ პირთა სიაში.
ტინკოვი აწ უკვე რიგით მეხუთე ადამიანია Forbes-ის მილიარდერთა მოქმედ და ყოფილ წევრებს შორის, რომელმაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაზე უარის თქმა გადაწყვიტა, მათ შორისაა, Revolut-ის დამფუძნებელი ნიკოლაი სტორონსკი; Mail.ru ჯგუფის დამფუძნებელი იური მილნერი; Freedom Holding-ის ხელმძღვანელი ტიმურ ტურლოვი და სომეხი ფინანსისტი რუბენ ვარდანიანი.