მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთის მტკიცებით, უკრაინის რეგიონებში ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმში რუსეთთან შეერთებას დაუჭირეს მხარი

6333efc644d42
მარიამ ვარადაშვილი
28.09.22 10:58
860
რუსეთის მიერ უკრაინის ოთხ რეგიონში ჩატარებული ე.წ რეფერენდუმის წინასწარი შედეგებით, რეგიონებმა რუსეთთან შეერთებას დაუჭირეს მხარი. რეფერენდუმი რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში, ლუგანსკსში, ზაპოროჟიესა და ხერსონში ჩატარდა, რაც ჯამში უკრაინის მთლიანი ტერიტორიის დაახლოებით 15% შეადგენს.

რუსეთის მიერ დანიშნული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, ამ რეგიონებში ხმები რუსეთთან ინტეგრაციის სასარგებლოდ 87%-99.2%-ს შორის მერყეობდა.

“შედეგები ნათელია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში, რუსეთში”,-დაწერა ტელეგრამზე რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა, რომელიც ახლა ქვეყნის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა.

“ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოწყობილ ფარსს რეფერენდუმის იმიტაციასაც ვერ უწოდებ”,-ვიდეომიმართვაში განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ამას გარდა, ვოლოდიმირ ზელენსკი საერთაშორისო სამართლის ნორმების ბრუტალურ დარღვევაზე მიუთითებს.

უკრაინის ოლქებში, დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში რუსეთის მიერ დანიშნულმა დე ფაქტო ადმინისტრაციებმა ე.წ. რეფერენდუმების 23-27 სექტემბერს ჩატარების გადაწყვეტილება ერთ დღეს, 20 სექტემბერს გამოაცხადეს. ამას წინ უძღოდა უკრაინის არმიის წარმატებული კონტრშეტევა ხარკოვის ოლქის ოკუპირებულ რაიონებზე.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსირების შესახებ 30 სექტემბერს რუსეთის საკანონმდებლო ორგანოში გამოაცხადებს. ისევე როგორც 2014 წელს მან ყირიმის ანექსიის შესახებ განაცხადა, რასაც წინ მსგავსი რეფერენდუმის ჩატარება უძღოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები