მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის სანქციების დარღვევის საკითხზე აშშ BINANCE-ის საქმეს იძიებს

6458bdd01d36b
გიორგი თოლორდავა
08.05.23 13:31
623
რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების დარღვევის საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი მსოფლიოს უმსხვილეს კრიპტობირჟა Binance-ს იძიებს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, პროკურატურას მიაჩნია, რომ Binance-ის მეშვეობით სანქცირებული რუსი მოქალაქეები ახერხებდნენ ფინანსური რეგულაციების გვერდის ავლას და საერთაშორისო ტრანზაქციების გატარებას.

ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციების პაკეტით რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, კომპანიებსა და იურიდიულ პირებს შეეზღუდათ საერთაშორისო საბანკო სერვისებით სარგებლობა, რამდენიმე მსხვილი რუსული ბანკი კი SWIFT-ის სისტემიდან ჩაიხსნა. ამ შეზღუდვის დაწესების ფონზე, რუსეთის მასშტაბით მკვეთრად გაიზარდა ინტერესი ფულადი გზავნილების გატარების ალტერნატიული მეთოდების, მათ შორის, კრიპტობირჟების მიმართ.

Binance-ის წარმომადგენლობის განცხადებით, კრიპტობირჟა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო რეგულაციებთან და სანქციებთან, ამ მიმართულებით კი კომპანია მუდმივად ზრდის ძალისხმევას, მაგალითად: გასული წლის მარტში Binance-მა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს P2P პლატფორმის მეშვეობით ევროსა და ამერიკული დოლარის ყიდვა-გაყიდვა, გადაცვლა აუკრძალა. მართალია, რუსებს ისევ შეეძლებათ რუბლში კრიპტოვალუტებით ვაჭრობა, თუმცა მათ არ შეეძლებათ აქტივების ევროსა და დოლარში განაღდება, ან დასავლურ ვალუტებში ტრანზაქციების განხორციელება.

უშუალოდ რა საკითხზე იძიებს იუსტიციის დეპარტამენტი კრიპტობირჟას, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ Binance-ის წინააღმდეგ გამოძიებას აშშ-ის თითქმის ყველა უწყება აწარმოებს, მათ შორის, სავაჭრო დეპარტამენტი, საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისია და სასაქონლო ბირჟების კომიტეტიც. ბრალდებები, ძირითად, არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვების, ულიცენზიოდ ოპერირების და არალეგალური ტრანზაქციების გატარების საკითხებს უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები