სასურსათო საცალო სექტორის და პირველადი მოხმარების საქონლის მიმოხილვის მიხედვით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკებმა" დღეს გამოაქვეყნა, რუსეთ-უკრაინის ომის გამო საქართველოში რუსეთის და უკრაინის საიმპორტო და საექსპორტო ბაზრების ჩანაცვლებამ, შესაძლოა, ფასების ზრდა გამოიწვიოს.
კვლევაში აღნიშნულია, რომ რუსეთის აგრესიამ უკრაინაში მიწოდების ჯაჭვში მნიშვნელოვანი პრობლემები წარმოქმნა. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ 2021 წლის განმავლობაში, საქართველოში რუსეთიდან და უკრაინიდან 300 მლნ დოლარის ხორბლის, ზეთის, შოკოლადის და სხვა პირველადი მოხმარების საქონლის იმპორტი განხორციელდა.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება იმპორტიორების მხრიდან რუსეთის ჩანაცვლება სხვა ქვეყნებით. აღნიშნული შესაძლებელია იყოს, როგორც ყაზახეთი, ასევე თურქეთი და ევროკავშირის ქვეყნები. რუსეთის ჩანაცვლებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფასების ზრდა და მომხმარებლების არჩევანის ცვლილება დაბალი ღირებულების საქონლის მიმართ. არასტანდარტული გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლებელია, განვიხილოთ გარკვეული საგადასახადო შეღავათების დაწესება, რომ შემცირდეს მოსახლეობაზე ინფლაციური წნეხი, განსაკუთრებით პირველადი მოხმარების საქონლის შემთხვევაში.
საერთო ჯამში, ახალი გამოწვევების ფონზე მნიშვნელოვანია მომწოდებლების დივერსიფიცირება და ბაზრის გაჯანსაღება. გაურკვეველია, რა ვადით გაგრძელდება რუსეთზე დაწესებული სანქციები და რა დამატებითი შეზღუდვა დაწესდება აღნიშნული მიმართულებით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ახალი ბაზრების მოძიებას სახელმწიფოს მხარდაჭერით და მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოების ზრდა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
კვლევის ავტორები ადგილობრივ ბაზარზე პირველადი მოხმარების პროდუქციის დეფიციტის რისკებსაც მიმოიხილავენ და აჟიოტაჟის პირობებში განმარტებების გაკეთების ნაწილში სახელმწიფოს და კერძო სექტორის ჩართულობაზე აკეთებენ აქცენტს.
„შაქრის დეფიციტის შემთხვევა, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა, ნათლად აჩვენებს, რომ მომხმარებლის მოლოდინის მართვა მნიშვნელოვანი გამოწვევაა სექტორში. დიდი აჟიოტაჟის პირობებში, ნებისმიერ საქონელზე შეიძლება მოკლევადიან პერიოდში წარმოიქმნას დეფიციტი, თუმცა თავისუფალი ვაჭრობის და არსებული რეალობის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ საქართველოს არ ემუქრება რომელიმე საქონელზე დეფიციტი და ხელოვნური აჟიოტაჟის პირობებში საჭიროა შესაბამისმა უწყებებმა, ისევე როგორც რიტეილერთა და დისტრიბუტორთა ასოციაციებმა გააკეთონ შესაბამისი განცხადებები და დაამშვიდონ მოსახლეობა”, - აღნიშნულია კვლევაში.
მიმოხილვის ავტორები იმასაც ამბობენ, რომ საწვავის გაძვირების პირობებში გამოსავალი აქციზის შემცირება შეიძლება იყოს.
„ასევე, მნიშვნელოვანია საწვავის გაზრდილი ღირებულება, რომელიც პირდაპირ აისახება პირველადი მოხმარების საქონლის ფასზე. აღნიშნულ პირობებში მთავრობის მხრიდან აქციზის განაკვეთის შემცირება ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს“.




























