მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი ევროკავშირმა ოფიციალურად დაამტკიცა

6299e24db7c62
გიორგი თოლორდავა
03.06.22 14:31
1224
ევროპულმა საბჭომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების რიგით მეექვსე პაკეტი ფორმალურად დაამტკიცა.

ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფო ერთსულოვნად შეთანხმდა რუსული ნავთობის იმპორტის ნაწილობრივ აკრძალვასა და სხვა შემზღუდავ ზომებზე.

„ჩვენ ვკრძალავთ EU-ში რუსული ნავთობის იმპორტს და ამით ვზღუდავთ რუსეთის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს. SWIFT-ის საერთაშორისო საგადახდო სისტემიდან ვრიცხავთ კიდევ ერთ მსხვილ რუსულ ბანკს (Sberbank). გარდა ამისა, სანქციებს ვუწესებთ მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან ბუჩასა და მარიუპოლში ჩადენილ სასტიკ დანაშაულებზე. ვკრძალავთ დეზინფორმაციისა და პუტინის ომის პროპაგანდის გამავრცელებელ მედია პლატფორმებსაც“, - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის განცხადებით, სანქციების აღნიშნული პაკეტის ფარგლებში, მყისიერად შეიზღუდება რუსული იმპორტის 2/3, ხოლო წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება ნედლი ნავთობის იმპორტის სრული მოცულობის 90%-ის აკრძალვა.

შარლ მიშელის შეფასებით, ნავთობის იმპორტის აკრძალვით მნიშვნელოვნად შეიზღუდება რუსეთის „ომის მანქანის“ დაფინანსება, რადგან ენერგორესურსების ექსპორტი კრემლის უმთავრეს შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.

საგულისხმოა, რომ აღნიშნული შეთანხმება კომპრომისულია და ის უნგრეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთისთვის გამონაკლისს ითვალისწინებს. კერძოდ, რუსული მილსადენის, „დრუჟბის“ სამხრეთ ნაწილი, რომელიც ამ სახელმწიფოებს ამარაგებს, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას მანამ, სანამ შესაძლებელი არ იქნება ალტერნატიული წყაროების მოძიება და რუსული ნავთობის სრულად ჩანაცვლება.

შეგახსენებთ, რომ ნავთობის იმპორტის აკრძალვაში გამონაკლისების დაშვება უნგრეთის მთავრობის პოზიციას უკავშირდება, რომელიც კომპრომისის არდაშვების შემთხვევაში, ვეტოს უფლების გამოყენებით იმუქრებოდა.

ევროკავშირი რუსული ნედლი ნავთობის უმსხვილესი შემსყიდველია და ის გაერთიანების იმპორტის საერთო მოცულობის დაახლოებით 27%-ს შეადგენს. ევროსტატის ინფორმაციით, 2021 წელს რუსეთიდან ყოველდღიურად 2.4 მილიონი ბარელი ნავთობის იმპორტი ხორციელდებოდა, აღნიშნული მოცულობის 65% კი ევროკავშირის ქვეყნებში ტანკერების საშუალებით შედიოდა. დღეს მიღწეულ შეთანხმებაში დაშვებული გამონაკლისი მილსადენს ეხება, რომელსაც, უმეტესწილად, უნგრეთი (86%), ჩეხეთი (97%) და სლოვაკეთი (100%) იყენებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები