მიმდინარე წლის მარტ-ივნისში საქართველოში დარჩა [შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობა], რუსეთის 49 505 და ბელარუსის 15 237 მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის [IDFI] მიერ მომზადებულ კვლევაში წერია.
მათივე ცნობით, 2022 წლის 25 თებერვლიდან 30 ივნისამდე შემოსული პირებიდან, მინიმუმ ერთი თვის დაყოვნების შემდეგ [31 ივლისის მდგომარეობით], ქვეყანა კვლავ არ დაუტოვებია რუსეთის 42 577 მოქალაქეს.
მიმდინარე წლის მარტ-ივნისში 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საქართველოში დარჩა [შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობა] რუსეთის 16 476-ით მეტი მოქალაქე, ხოლო ბელარუსის 11 531-ით მეტი მოქალაქე.
ორგანიზაციის ცნობითვე, მოცემულ პერიოდში საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა რუსეთის 3 036, უკრაინის - 135, ხოლო ბელარუსის მხოლოდ 41 მოქალაქეს.
კვლევაში წერია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთის დატოვების მსურველთა რიცხვი. რუსეთის მოქალაქეების მიერ საკუთარი ქვეყნის დატოვების მიზეზად აქტიურად განიხილება, ერთი მხრივ, რუსეთისათვის დაწესებული სანქციების თავის არიდების სურვილი, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყანაში პოლიტიკურად მიუღებელი განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეების დევნის გაძლიერება და მომდინარე საფრთხეების შიში. მსგავსი გამოწვევების გათვალისწინებით, ქვეყნის დატოვების მსურველთა რიცხვი ასევე იზრდებოდა ბელარუსში.
IDFI-ში აცხადებენ, რომ შინაგან საქმთა სამინისტროს მიერ დამუშავებული მონაცემები არ იძლევა ვიზიტის მიზნობრიობის გამოვლენის შესაძლებლობას.
"შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოწოდებული ყოველთვიური მონაცემების მიხედვით, 2022 წლის მარტი-ივნისის პერიოდში საქართველოში შემოვიდა რუსეთის 277 698 მოქალაქე, უკრაინის 74 385 მოქალაქე, ხოლო ბელარუსის 54 147 მოქალაქე. წინა წლის მარტთან შედარებით, სამივე ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, თუმცა 2020-2021 წლებში კორონავირუსის პანდემიის დროს არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ტენდეციების თვალსაზრისით, უფრო საინტერესოა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით არსებული მდგომარეობა.
2019 წლის მარტის თვესთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საქართველოში შემომსვლელთა ბელარუსიის მოქალაქეების რიცხვი. მაგალითად, 2022 წლის მარტში, 2019 წლის მარტის თვესთან შედარებით, ბელარუსიის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მაჩვნებელი 155%-ით გაიზარდა, უკრაინის მოქალაქეების 1%-ით გაიზარდა, ხოლო რუსეთის მოქალაქეების 56%-ით შემცირდა.
2019 წლის მარტი-ივნისის პერიოდში რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მაღალი მაჩვენებელი, სავარაუდოდ, განპირობებული იყო საქართველოსადმი მაღალი ტურისტული ინტერესით, რასაც ხელს უწყობდა საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების არსებობა. 2019 წლის 21 ივნისს, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების („გავრილოვის ღამე”) საპასუხოდ, რუსეთის ფედერაციამ საქართველოსთან პირდაპირი ფრენები აკრძალა, რაც თავის მხრივ აისახა ქვეყნაში შემომსვლელთა მაჩვენებელზე”, - წერია კვლევაში.
კვლვის თანახმადვე, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოს საზღვრის კვეთის სტატისტიკური მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ მნიშვნელოვნად გაზრდილია რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების საქართველოში დარჩენის მაჩვენებლები (2022 წლის მარტი-ივნისში საქართველოში დარჩა 65 ათასამდე რუსეთის და ბელარუსიის მოქალაქე). ამასთან, მათ უმრავლესობას ქვეყანა არ დაუტოვებია მინიმუმ 1 თვის დაყოვნების შემდეგ. შესაბამისად, აღნიშნული პირების ვიზიტების ტურისტულ მიზნებთან კავშირი ნაკლებად სავარაუდოა.
IDFI-ში ასევე მიიჩნევენ, რომ რუსეთის და ბელარუსი მოქალაქეების საქართველოში დარჩენის მზარდი ტენდენცია გამოწვევას წარმოადგნს სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით.




























