მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთისა და უკრაინის იერიშები შავი ზღვის სანაპიროს მახლობლად გრძელდება

უკრაინა

რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად უკრაინის სამხრეთ ქალაქ მიკოლაევში სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა განადგურდა. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ. შავი ზღვის მახლობლად მდებარე ქალაქში, რომელიც რუსეთის ძალებმა არაერთხელ დაბომბეს, სულ მცირე სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის შავი ზღვის კურორტ სოჭთან ახლოს, ნავთობის საწყობში ხანძარი გაჩნდა, რასაც რუსეთის ხელისუფლება უკრაინული დრონით თავდასხმას აბრალებს. თავდასხმების გამო, რუსული მხარის ცნობით, სოჭის აეროპორტმა ფრენები შეაჩერა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინამ მიმდინარე შაბათ-კვირას რუსეთის ქალაქებში - რიაზანში, პენზასა და ვორონეჟში დრონებით არაერთი იერიში მიიტანა. ვორონეჟის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ერთი დრონით თავდასხმის შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმდინარე კვირას საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა, მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს კიევზე განხორციელებულმა რუსულმა თავდასხმამ სულ მცირე 31 ადამიანი იმსხვერპლა. უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, რუსულმა ძალებმა თავდასხმისას 300-ზე მეტი დრონი და რვა ფრთოსანი რაკეტა გამოიყენეს, რასაც კიევზე ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური იერიში უწოდეს მას შემდეგ, რაც რუსეთი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები