რუსეთის მთავრობამ ქვეყანაში საზღვარგარეთიდან უკვე შეტანილი საქონლისა და დანადგარების სია განსაზღვრა, რომლის ქვეყნიდან გატანა დროებით იკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით გადაწყვეტილება ძალაში 2022 წლის ბოლომდე იქნება.
მთავრობაში აღნიშნავენ, რომ სია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის „რუსეთის ფედერაციაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შიდა ეკონომიკური საქმიანობის სფეროში სპეციალური ეკონომიკური ზომების გამოყენების შესახებ“ ბრძანების შესაბამისად შემუშავდა.
„ჩამონათვალში შედის ტექნოლოგიური, ტელესაკომუნიკაციო, სამედიცინო აღჭურვილობა, სატრანსპორტო საშუალებები, სოფლის მეურნეობის ტექნიკა, ელექტრო აპარატურა - სულ 200-ზე მეტი დასახელების საქონელი, მათ შორის სარკინიგზო ვაგონები და ლოკომოტივები, კონტეინერები, ტურბინები, მეტალისა და ქვის დასამუშავებელი დანადგარები, მონიტორები, პროექტორები, პულტები და პანელები. ეს ზომა რუსეთის ბაზარზე სტაბილურობის შენარჩუნებისთვის არის აუცილებელი“, - ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, აღნიშნული საქონლის გატანა იკრძალება ყველა ქვეყანაში, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების, ე.წ. აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარდა. ამ მიმართულებით აღნიშნული საქონლის გასატანად იმოქმედებს ექსპორტის ნებართვის პროცედურა, რომელიც მთავრობის ცალკეული დადგენილებითაა დამტკიცებული. გატანისთვის აუცილებელ ნებართვებს გასცემენ სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, მრეწველობისა და ვაჭრობის, ფინანსთა და გარემოს სამინისტროები.
ამასთან, მთავრობის დადგენილებით რუსეთიდან დროებით სატყეო მასალების გატანა არამეგობრულ სახელმწიფოებში იკრძალება, რომელიც მთავრობამ დაადგინა.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენმა „რუსეთის ფედერაციაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შიდა ეკონომიკური საქმიანობის სფეროში სპეციალური ეკონომიკური ზომების გამოყენების შესახებ“ ბრძანებას ხელი 8 მარტს მოაწერა. მასში რუსეთიდან რიგი პროდუქციის ან ნედლეულის ექსპორტის ან იმპორტის შეზღუდვასა და აკრძალვაზეა საუბარი. საქონლისა და ქვეყნების ჩამონათვალი მთავრობას 2 დღეში უნდა განესაზღვრა.




























