რუსეთის ფედერაციის სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, Google-ი ერთბაშად $20 დეცილიონით დააჯარიმა. მათემატიკურად, დეცილიონი არის რიცხვი 20, რომელსაც 33 ნული მიჰყვება. ეს თანხა იმდენად დიდია, რომ ის ასე გამოიყურება — $20,000,000,000,000,000,000,000,000,000,000,000.
ამ მოცულობის ჯარიმა ამ დრომდე არასდროს გამოწერილა და შესაბამისად, მას ვერც Google-ი გადაიხდის, მიუხედავად იმისა, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კომპანიაა პლანეტაზე. თუმცა საქმე მარტო Google-ზე არ არის, რადგან ამდენი ფული დედამიწაზე არავის აქვს. თუ დავაკვირდებით, გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტი სულ რაღაც $105 ტრილიონის ტოლია, რაც Google-ისთვის გამოწერილი ჯარიმაზე 190 კვინტილიონით ნაკლებია. მარტივად რომ ვთქვათ, პლანეტაზე ამდენი ფული უბრალოდ არ არსებობს.
როგორც ირკვევა, რუსეთის სასამართლოს მიერ Google-ისთვის დაკისრებული ეს ჯარიმა YouTube-ის მიერ პლატფორმაზე კონკრეტული რუსული არხების დაბლოკვას და მოგვიანებით, სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე აღნიშნული არხების აღდგენაზე უარის თქმას უკავშირდება. ამ შემთხვევაში, რუსული სასამართლო დიდი სატელევიზიო ჰოლდინგების და რამდენიმე ცალკეული მედიაპერსონის, მათ შორის მარგარიტა სიმონიანის უფლებებს იცავს. თავის დროზე, როცა Google-მა სასამართლოსგან ანგარიშების აღდგენის ვალდებულება მიიღო, ის ცხრა თვეში უნდა აღესრულებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, დღეში 100,000 რუბლით დაჯარიმდებოდა. Google-მა ეს ვალდებულება არ შეასრულა, ხოლო ჯარიმა, ამ დროის მონაცემებით, $20 დეცილიონამდე გაიზარდა.
რუსული არხების აკრძალვა Google-მა ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო, მაგრამ აკრძალული არხების სია მნიშვნელოვნად გაფართოვდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. რუსეთის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა Google-ი არაერთხელ დააჯარიმა, მაგრამ ამაოდ. საპასუხოდ, ამერიკულმა კომპანიამ რუსეთში თავი გადახდისუუნაროდ, ანუ ბანკროტად გამოაცხადა. დღეს, Google-ი, როგორც კომპანია, რუსეთში აღარ ფუნქციონირებს, მაგრამ მისი სერვისების სრულად აკრძალვა, ინტერნეტის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია.