მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა საგარეო ვაჭრობაში ბიტკოინის გამოყენება დაიწყო

putin btc

საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის მიზნით, წლების განმავლობაში, რუსეთმა არაერთ გზას მიმართა, მათ შორის, მესამე ქვეყნების დახმარებით მანიპულაციებს, თუმცა, როგორც ჩანს, დასავლეთისგან მომავალი ზეწოლის დასაძლევად ტრადიციული მეთოდები არ აღმოჩნდა საკმარისი, ამიტომ ამჯერად რუსეთმა ალტერნატიულ გზას მიმართა და საგარეო ვაჭრობაში ბიტკოინის გამოყენება ოფიციალურად დაიწყო.

როგორც რუსეთის ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, ბიტკოინის გაკონტროლება და მისი ტრანზაქციების შეჩერება არავის შეუძლია - არც ამერიკას და არც ევროპას, ამიტომ, SWIFT-ის ალტერნატივად მოსკოვი ახლა სწორედ კრიპტოვალუტას განიხილავს. როგორც ოფიციალური წყაროები ამბობენ, სატესტო რეჟიმში რამდენიმე ტრანზაქცია უკვე განხორციელდა და 2025 წლიდან რუსეთი სრულად დაიწყებს ბლოკჩეინის პოტენციალის ათვისებას.

ამ შემთხვევაში, საუბარია როგორც კომპანიებს შორის განხორციელებულ ტრანზაქციებზე, ასევე სახელმწიფოთა შორის ვაჭრობაზე, მათ შორის, ჩინეთთან, ინდოეთთან და თურქეთთან მიმართებით.

ტრანზაქციებში ბიტკოინის გამოყენების საჭიროება რუსეთს ახალი სანქციების გამო გაუჩნდა, რომელთა ამოქმედების გამო, აზიურმა ბანკებმა რუსეთთან ტრანზაქციები შეწყვიტეს, ალტერნატივად კი სწორედ ბიტკოინი დარჩა, რომელსაც არც არავის ნებართვა სჭირდება და არც სანქციები აჩერებს.

ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, მსხვილი რუსული კომპანიები უახლოეს მომავალში მიიღებენ დაწვრილებით ინსტრუქციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გადაეწყონ კრიპტო ტრანზაქციებზე და რა უნდა გაითვალისწინონ გზავნილების მიღება-გაგზავნისას.

რუსეთის მთავრობაში იმასაც ამბობენ, რომ საერთაშორისო ტრანზაქციებში ბიტკოინის გამოყენება კიდევ უფრო მეტად გაართულებს რუსეთის საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოპოვებას, რაც დასავლეთს სანქციების აღსრულებას გაურთულებს. თავად ამ მოცემულობას ის ფაქტი განაპირობებს, რომ ბიტკოინის გაგზავნა ანონიმურადაა შესაძლებელი და არც ისაა ცნობილი, თუ ვინ ფლობს საფულეს ან რატომ აგზავნის კრიპტოვალუტას, ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ საგარეო ვაჭრობაში ბიტკოინის გამოყენება მონიტორინგს შეუძლებლად აქცევს.

უკვე დიდი ხანია, რაც კრიპტოვალუტების ამ უპირატესობით ჰაკერები, თაღლითები და ტერორისტები აქტიურად სარგებლობენ, ახლა უკვე ანონიმური აქტორების ლეგიონს რუსეთი და მისი სავაჭრო პარტნიორებიც შეუერთდებიან.

აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის მთავრობას სანქციებისგან ადგილობრივი ციფრული პლატფორმებისა და კრიპტო კომპანიების დაცვა სურს. ამ მიზნის მისაღწევად რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ახალი რეგულაცია მიიღო, რომელიც კრიპტო და ციფრული აქტივების ინდუსტრიაში არსებული კომპანიებისთვის აუქმებს პერიოდული ანგარიშგების წარმოდგენის და მონაცემების გასაჯაროების ვალდებულებას. კანონპროექტის ინიციატორების შეფასებით, აღნიშნული ცვლილება შეამსუბუქებს რეგულატორულ წნეხს ციფრულ ინდუსტრიაში წარმოდგენილ კომპანიებზე, გარდა ამისა, დასავლეთის მიერ მათი აღმოჩენა და იდენტიფიცირება მნიშვნელოვნად გართულება, რაც მათ სანქციების თავიდან არიდების საშუალებას მისცემს.

მართალია, 2-3 წლის წინ, რუსეთის ცენტრალური ბანკი ციფრული აქტივების აკრძალვას მოითხოვდა, მაგრამ ახლა უკვე ის პრო-კრიპტო რეგულაციებს იღებს და მოქალაქეებს, როგორც კრიპტოაქტივების ფლობის, ასევე მაინინგის საშუალებას აძლევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები