პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რუსეთს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის რესურსი არ აქვს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, არჩევნებზე გარე გავლენების შესახებ საუბრისას განაცხადა.
კითხვაზე, რატომ არ აფასებს ოკუპანტი რუსეთიდან მომდინარე გზავნილებს ქვეყნის შიდა პროცესებსა და არჩევნებში ჩარევის მცდელობად, მაშინ, როდესაც ასეთ შეფასებებს დასავლეთიდან გაკეთებულ განცხადებებზე აკეთებს, კობახიძე ამბობს, რომ რუსეთს არ აქვს შესაბამისი რესურსი.
„რუსეთს არ აქვს რესურსი, რომ რაიმე არსებითი გავლენა მოახდინოს საარჩევნო პროცესებზე საქართველოში, ეს არის მარტივი მიზეზი. არჩევნებზე გავლენის მოხდენას რესურსი სჭირდება მედიის მიმართულებით, უნდა გყავდეს საკუთარი პარტიები, შენი აგენტურა უნდა გყავდეს პარტიებში და ა.შ. ეს რესურსი რუსეთს არ აქვს, თუმცა სხვა ძალებს აქვთ",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ წლევანდელი არჩევნები უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე წარიმართება.
"რაც შეეხება ზოგადად სურათს, ძალიან სამწუხაროა, რომ წლევანდელი არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე, რაც საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა. ვისმენთ ათასგვარ მუქარას, შანტაჟს. ამ ყველაფერს აქვს ერთადერთი მიზეზი, რომ ჩვენ საქართველოში არ გავხსენით მეორე ფრონტი. ამის გამო არიან გულდაწყვეტილი კონკრეტული ადამიანები და აქვთ იმედი, რომ ამ არჩევნების შემდეგ მაინც მოახერხებენ თავისი აგენტურის ხელისუფლებაში დაბრუნებას, რათა გახსნან მეორე ფრონტი, რასაც ვერ ეღირსებიან, რადგან ქართული საზოგადოება სისხლიანი რეჟიმის ავტორებს არასდროს მოაბრუნებს ხელისუფლებაში“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმა არასერიოზული უწოდა კითხვას, მოხდა თუ არა საქართველოში რუსეთის აგენტებთან დაკავშირებით და გავლენების შესახებ საკითხის შესწავლა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კარგად მუშაობს, რის გამოც ქვეყანაში 12 წელია მყარად არის დაცული მშვიდობა და უსაფრთხოება.