აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ რუსეთს უკრაინის რეგიონების "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" აღიარების გამო სანქციებს კანადაც უწესებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციების შესახებ დღეს განაცხადა.
მისი თქმით, კანადის მოქალაქეებს აეკრძალებათ თვითგამოცხადებულ სახელმწიფოებთან ყველა სახის ფინანსური გარიგება. ამას გარდა, კანადის მთავრობა სანქციებს დაუწესებს რუსეთის დუმის იმ დეპუტატებს, რომლებმაც დონეცკისა და ლუგანკის დამოუკიდებლობას დაუჭირეს მხარი.
ტრუდომ ასევე თქვა, რომ კანადა დამატებით სანქციებს დაუწესებს რუსეთის სახელმწიფოსთან დაკავშირებულ ორ ბანკს, რათა მათთან ყველანაირი ფინანსური გარიგება შეწყდეს. ასევე, მისივე თქმით, რეგიონში დამატებით სამხედრო ძალებსაც გაგზავნის. კერძოდ, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ასზე მეტ სამხედროს გაგზავნის აღმოსავლეთ ევროპაში, რათა რუსეთის შესაძლო აგრესიის შემთხვევაში, NATO-ს გაძლიერებას ხელი შეუწყოს.
რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტულმა ძალებმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების “დამოუკიდებლობა” 2014 წელს გამოაცხადეს, რამდენიმე დღის წინ კი ისინი რუსეთმა აღიარა.




























