საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის პროგნოზით, რუსეთის ხელისუფლებას ხვალიდან ბანკების რამდენიმე დღის დახურვა მოუწევს.
ამის შესახებ მან tv “ფორმულაზე“ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების მოსალოდნელი შედეგებზე საუბრისას თქვა.
ის ამბობს, რომ რუსეთს მოუწევს ე.წ. საბანკო არდადეგების გამოცხადება.
„რუსეთის ხელისუფლება სანქციების ეფექტს უკვე გრძნობს, მაგრამ რუსეთის მოსახლეობა ამას იგრძნობს ხვალ დილით. ჩემი პროგნოზია, რომ რუსეთს მოუწევს საბანკო სისტემის რამდენიმე დღით დახურვა და არგახსნა ანუ ე.წ. „საბანკო არდადეგების“ გამოცხადება. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ვიხილავთ მოსახლეობის უზარმაზარ რიგებს ბანკების წინ და ბანკომატებთან ხვალიდანვე, რადგან ისინი ეცდებიან დანაზოგების გადახურდავებას და ამ გზით გადარჩენას, ხოლო ეროვნულ ბანკს არ ექნება შესაძლებლობა, რომ გამოიყენოს სავალუტო რეზერვები, რომელიც გაყინულია“, - თქვა გიორგი ქადაგიძემ.
ამასთან, სებ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, რუსეთში ჩამოიშლება კაპიტალის ბაზრებიც.
„ასევე, ხვალ რუსეთის კაპიტალის ბაზრები ჩამოიშლება, რაც ნიშნავს იმას, რომ საშუალო და მაღალი ფენის ქონება და კაპიტალიზაცია და ღირებულება უკვე ნახევრდება და ეს ჯერ კიდევ სტარტია“, - აღნიშნა მან.
რუსული ბანკების ნაწილი SWIFT-იდან გაითიშება, EU რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივებს ყინავს




























