რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებმა ორი გავლენიანი აზერბაიჯანელი კრიმინალური ავტორიტეტი, ვაგიფ სულეიმანოვი და ზაურ შირილოვი დააკავეს.
სპეც-ოპერაციები მოსკოვსა და ორენბურგში განხორციელდა. რუსული მხარის ინფორმაციით, სულეიმანოვს ბრალად ედება უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის დაწესებული რეგულაციების დარღვევა და მას აზერბაიჯანში დეპორტაცია ელის. რაც შეეხება შირილოვს, რომელიც ორენბურგში აიყვანეს, მას ბრალად ედება რუსეთში მოქმედი აზერბაიჯანული კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობა.
ორ ქალაქში მოწყობილი დაკავებები პირდაპირ კავშირშია რამდენიმე დღის წინ, ეკატერინბურგში მოწყობილ საპოლიციო რეიდთან, რომელმაც ორი აზერბაიჯანელის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამან ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები მნიშვნელოვნად დაძაბა. რეიდის საპასუხოდ, ალიევის ხელისუფლებამ რუსეთთან დაკავშირებული არაერთი ჟურნალისტი დაიჭირა. როგორც ჩანს, მოსკოვსა და ორენბურგში მოწყობილი დაკავებები ამ ამბის გაგრძელებაა. უცნობია, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა, დიდი ალბათობით, დაპირისპირება მარტივად არ დასრულდება.




























