რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა, დღეს მოსკოვის ბირჟაზე ვაჭრობა არ დაიწყოს. ამასთან, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაა გაიხსნება თუ არა ბირჟა ხვალ, რასთან დაკავშირებითაც რუსეთის ცენტრალური ბანკი დამატებით განცხადებას ხვალ გააკეთებს. ბირჟის გახსნისთანავე, აქციების მკვეთრი ვარდნა არის მოსალოდნელი.
“შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ დღეს არ გავხსნათ მოსკოვის საფონდო ბირჟა.
2022 წლის 1 მარტის ვაჭრობის გახსნის საათები გამოცხადდება რუსეთის ცენტრალური ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე 2022 წლის 1 მარტს, მოსკოვის დროით 09:00 საათამდე,” - წერს ცენტრალური ბანკი.
რუსეთი მსხვილი ბანკების SWIFT-იდან ჩახსნის და რუსეთის ცენტრალური ბანკის დასავლური აქტივების გაყინვიდან პირველივე სავაჭრო დღეს რუსული რუბლი ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა. პანიკური ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის საფასური 105 რუბლს შეადგენს, რაც 24 საათში 25%-იანი გაუფასურებაა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუბლმა ღირებულების 30%-ზე მეტი დაკარგა.
რუბლის გაცვლითი კურსის გაუფასურების ფონზე, ქვეყანაში რეკორდული ინფლაციის საფრთხე შეიქმნა, რის გამოც, დღესვე რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.5%-დან 20%-მდე გაზარდა. ასეთი მაღალი რეფინანსირების განაკვეთი რუსეთში აქამდე არ ყოფილა.
რუსეთის ცენტრალური ბანკი დღეს მიღებულ გადაწყვეტილებაში წერს, რომ "ვითარება კარდინალურად შეიცვალა". შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით, რუბლში არსებული სესხების განაკვეთები მკვეთრად გაიზრდება.




























