"ჩვენი მოლოდინია, რომ თუ არ გავიზრდებით, შემცირებით ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში არ შემცირდება", - ასე პასუხობს "ასკანელის" დირექტორი, ირაკლი უგლავა BMG-ის კითხვაზე - რა გავლენას მოახდენს ქართულ მეღვინეობაზე, რუსეთის მხრიდან აქციზის სამჯერ გაზრდა.
მისი ცნობით, ამას ერთადერთი მიზეზი განაპირობებს - რუსეთმა აქციზი თუ ქართულ ღვინოს 300%-ით გაუზარდა, ევროპის ქვეყნებთან მიმართებით 2-ჯერ და 3-ჯერ მეტით გაზარდა, რამაც ევროპული ღვინის გაძვირება გამოიწვია.
"აქციზის განაკვეთი მხოლოდ ქართულ ღვინოზე არ შეცვლილა. ზოგადად, რუსეთმა აქციზი გაასამმაგა, 34 რუბლიდან - 108 რუბლი გახდა. თაროზე ღვინის ფასი გაიზრდება, მომხმარებელი ალბათ ნაკლებს მოიხმარს. თუმცა, ქართულ მეღვინეობასთან მიმართებით კი ეგ მოლოდინი არ გვაქვს.
ძალიან გაძვირდა ევროპული ღვინო. შესაბამისად, მიმდინარეობს მათი თაროს შემცირება, ძალიან გაძვირდა ევროპული ღვინოები. ამ ღვინოების თაროებს კი უფრო ხელმისაწვდომი ღვინოები იკავებს, როგორიც ქართული ღვინოებია", - ამბობს "ასკანელის" ხელმძღვანელი.
მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ ქართული ღვინის ფასი თაროზე გაძვირდება, ქართული მეღვინეობისთვის არაფერს მოიტანს, რადგან აქციზი სრულად რუსეთის ბიუჯეტში წასული თანხაა.
შეგახსენებთ: 1-ელი მაისიდან რუსეთში იმპორტირებული ალკოჰოლური სასმლის ზოგიერთ სახეობაზე, მათ შორის, ღვინოზე, აქციზი 3-ჯერ გაიზარდა. შედეგად, საქსტატის მონაცემების მიხედვით, მაისში შემცირდა რუსეთიდან ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლებიც. თუ აპრილში ქვეყანამ $34 მლნ 529 ათასი მიიღო, მაისში ეს რიცხვი $4 მლნ 990 ათასამდე შემცირდა.