მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა - რას ვყიდით?

რუსეთი

რუსეთში საქართველოდან ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) მზარდია და გასულ წელს ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, რუსეთი ნომერ პირველი ბაზარი იყო, სადაც 2024 წელს ყველაზე მეტი, 653.4 მლნ. აშშ დოლარის ადგილობრივი ექსპორტი განხორციელდა, რაც წლიურად 17%-იანი ზრდაა.

საქსტატის შესაბამისი მონაცემები, რომელიც 2014 წლიდანაა ხელმისაწვდომი, ცხადყოფს, რომ რუსეთში ადგილობრივი ექსპორტი 155-253 მლნ დოლარის ფარგლებში იყო 2014-2016 წლებში, 2017 წლიდან უკვე 300 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა და 357-439 მლნ დოლარის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო 2021 წლიდან მაჩვენებელმა ნახევარ მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ვიდრე გასულ წელს ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაიზრდებოდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთში აბსოლუტურ მოცულობაში გაზრდილ ადგილობრივ ექსპორტთან ერთად, რეკორდულ დონემდე გაიზარდა რუსეთის წილი საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში. გასულ წელს სწორედ რუსეთის ბაზარზე გავიდა ქართული პროდუქციის მეხუთედზე მეტი - 21.7%.

უფრო დეტალურად, რუსეთში ადგილობრივი საქონლის ექსპორტის მოცულობა და წილი ასეთია:

  • 2014 წელი - $253 მლნ/წილი ადგილობრივ ექსპორტში 13.9%
  • 2015 წელი - $155.1 მლნ/წილი ადგილობრივ ექსპორტში 9.7%
  • 2016 წელი - $191.5 მლნ/წილი ადგილობრივ ექსპორტში 11.8%
  • 2017 წელი - $357 მლნ/წილი ადგილობრივ ექსპორტში 17.8%
  • 2018 წელი - $383.3 მლნ/წილი ადგილობრივ ექსპორტში 17.3%
  • 2019 წელი - $438.9 მლნ/წილი ადგილობრივ ექსპორტში 18.7%
  • 2020 წელი - $409.3 მლნ/წილი ადგილობრივ ექსპორტში 16.8%
  • 2021 წელი - $562.6 მლნ/წილი ადგილობრივ ექსპორტში 17.8%
  • 2022 წელი - $537.9 მლნ/წილი ადგილობრივ ექსპორტში 14.4%
  • 2023 წელი - $559.4 მლნ/წილი ადგილობრივ ექსპორტში 19.5%
  • 2024 წელი - $653.4 მლნ/წილი ადგილობრივ ექსპორტში 21.7%

რუსეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ღვინო, სპირტიანი სასმელები, მინერალური და მტკნარი წყლები, ასევე ხილი და სხვა პროდუქტები გადის. უფრო დეტალურად, 2024 წელს რუსეთის ბაზარზე შემდეგი TOP 10 ქართული პროდუქტი გაიყიდა:

  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - $182.6 მლნ
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - $154 მლნ
  • მინერალური და მტკნარი წყლები - $76.9 მლნ
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - $61.7 მლნ
  • გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნოშო, ახალი - $32.2 მლნ
  • სხვა ახალი ნაყოფები - $29.8 მლნ
  • ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული - $26.3 მლნ
  • ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი - $19.7 მლნ
  • ვაშლი, მსხალი და კომში, ახალი - $6 მლნ
  • ფეროშენადნობები - $5.9 მლნ

აღსანიშნავია, რომ რუსეთთან, საქართველოს მეორე უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან, ძირითადი სავაჭრო ნაკადი იმპორტია და საქართველო რუსეთიდან 2.7-ჯერ მეტს ყიდულობს, ვიდრე თავად ყიდის.

2024 წელს რუსეთთან ვაჭრობა გაიზარდა - რას ვყიდით/ვყიდულობთ II უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები