რუსეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას არ გამორიცხავენ, თუ ამისთვის შესაბამისი პირობები იქნება. ამის შესახებ რუსულ გამოცემა TASS-თან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინმა განაცხადა.
„საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში შემოსვლისას სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით, დადებითი გადაწყვეტილების მიღებას არ გამოვრიცხავთ, იმ შემთხვევაში, როგორც კი ამისთვის ყველა აუცილებელი წინაპირობა იქნება“, - განაცხადა გალუზინმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ აღნიშნა, რომ მყარი ურთიერთობების მოცულობა რუსეთ-საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების შესაბამისია, რომელთაც „მეგობრობის, მეზობლობის, საeრთო ისტორიის, კულტურის, სარწმუნოებრივი ღირებულებების საუკუნოვანი ტრადიციები აკავშირებთ“.
„ჩვენს ქვეყანაში ასობით ათასი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს და თავის რეალიზებას წარმატებით ახორციელებს, ბოლო პერიოდში იზრდება რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან“, - განაცხადა გალუზინმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისიც თქვა, რომ 2012 წელს ოფიციალური მოსკოვი დაეთანხმა საქართველოს შეთავაზებას ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების. „ახლაც, მიუხედავად რთული საგარეო კონიუნქტურის გათვალისწინებით და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ვითარდება. 11 თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა 1.5-ჯერ გაიზარდა და 2.2 მლრდ დოლარი შეადგინა. ვაჭრობასთან ერთად იზრდება ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მაჩვენებლები“, - თქვა მან.
გალუზინის განცხადებით, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს ქართული მხარის ინიციატივით შეწყდა და დღესაც, საქართველო მათი აღდგენის შესაძლებლობას პოლიტიკური მოთხოვნებით აფერხებს, რომლებიც რეგიონის ახალ რეალობას ეწინააღმდეგება. ამიტომ უწყების ხელმძღვანელის მოადგილე თვლის, რომ ბურთი ახლაც საქართველოს მხარესაა.




























