მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთში, სკოლების მშობლებისა და მასწავლებლების ჩატებს ახალ რუსულ აპლიკაცია Max-ში გადაიტანენ

მოსკოვის სკოლები მშობლებისა და მასწავლებლების ჩატებს Max აპლიკაციაში გადაიტანენ

მოსკოვში მილიონზე მეტი მოსწავლის მშობლებსა და მასწავლებლებს მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში კრემლის მიერ მხარდაჭერილი შეტყობინებების აპლიკაცია Max-ის გამოყენება მოეთხოვებათ. ამის შესახებ რუსული მედია ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.

„მიღებულია ფედერალური კანონი, რომლის თანახმადაც 1 სექტემბრიდან ყველა სკოლის მშობლების ჩატი Max-ზე გადავა“, - განუცხადა ჟურნალისტებს მოსკოვის მერის მოადგილემ ანასტასია რაკოვამ.

მოსკოვის გარდა, კიდევ 20-ზე მეტი სხვა რეგიონის სკოლებს მოეთხოვებათ რუსული პლატფორმა Max-ის გამოყენება. მათ შორისაა თათრეთის, მარი ელისა და ალტაის რესპუბლიკები, ხანტი-მანსის ავტონომიური ოლქი და ვლადიმირისა და ტვერის რეგიონები. ისინი მონაწილეობენ საპილოტე პროექტში, რომელიც საბოლოოდ, სკოლის ყველა ჩატის Max-ზე გადატანას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მთავრობის მიერ ამ ნაბიჯის გადადგმას წინ უძღოდა, WhatsApp-სა და Telegram-ზე ხმოვანი და ვიდეოზარების შეზღუდვის გადაწყვეტილება, რომლებიც ფართოდ გამოიყენება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.

განათლების მინისტრმა სერგეი კრავცოვმა კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ Max-ზე გადასვლა მასწავლებლებსა და მშობლებს იძულებით არ დაეკისრებათ.

„თუმცა, ჩვენ ვხედავთ მოსახერხებელ ინტერფეისს და, რაც მთავარია, უსაფრთხო მონაცემებს. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, მასწავლებლები და მშობლები ამას აცნობიერებენ და განათლების სისტემა რაც შეიძლება სწრაფად გადავა ეროვნულ მესენჯერზე“, - თქვა კრავცოვმა.

ცნობისთვის, MAX არის ახალი, კრემლის მიერ მხარდაჭერილი რუსული აპლიკაცია, რომელიც აერთიანებს მესენჯერს სხვადასხვა ციფრულ სერვისთან ერთად. MAX-ის შექმნაზე, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადმა კომპანია VK-მა იმუშავა. MAX-ის საშუალებით შესაძლებელია შეტყობინებების გაგზავნა, ვიდეოზარების განხორციელება და სხვა. აპლიკაცია ინტეგრირებულია რუსეთის სახელმწიფო სერვისებთანაც. იგი წინასწარ დაინსტალირებული იქნება რუსეთში გაყიდულ ყველა სმარტფონზე, პლანშეტზე, კომპიუტერსა და სმარტ ტელევიზორზე, რათა ჩაანაცვლოს უცხოური ალტერნატივები, როგორიცაა Telegram და WhatsApp.

ჩინოვნიკების თქმით, Max მალე გახდება რუსეთის „სუპერ-აპლიკაცია“ - შეტყობინებების, გადახდების და სამთავრობო მომსახურების ერთიანი პლატფორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები