მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთში WhatsApp-ი სრულად აკრძალა - რას სთავაზობს კრემლი ხალხს ალტერნატივად?

whatsapp

რუსეთის ხელისუფლებამ სრულად აკრძალა მიმოწერისა და სატელეფონო კომუნიკაციის პოპულარული პლატფორმა WhatsApp-ი, რომელსაც ქვეყანაში 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა.

ინფორმაცია კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ოფიციალურად დაადასტურა და განაცხადა, რომ ამის მიზეზი WhatsApp-ის მფლობელი კომპანია Meta-ს მიერ ადგილობრივი კანონმდებლობის უგულებელყოფა და სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობაზე უარის თქმა გახდა. გამოქვეყნებულ წერილში პესკოვმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამჟამად რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ WhatsApp-ის რუსული ანალოგით, MAX-ით ისარგებლონ, რომელიც, პრესსპიკერის თქმით, გაცილებით უფრო კარგი და მარტივად გამოსაყენებელი საკომუნიკაციო პლატფორმაა. პლატფორმა, რომელშიც ჩაშენებულია არაერთი სამთავრობო პროგრამაც, რათა მოქალაქეებს საჯარო სერვისებზე წვდომა მობილურიდანვე, სახლიდან გაუსვლელად ჰქონდეთ.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში WhatsApp-ის სრულად დაბლოკვისთვის მზადება რუსეთის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 6 თვის წინ დაიწყო, როცა მარკ ცუკერბერგის კომპანია Meta-ს ადგილობრივი კანონმდებლობის დარღვევისთვის ჯარიმები გამოუწერა და მოგვიანებით ექსტერმისტულ ორგანიზაციათა ნუსხაშიც შეიყვანა. პარალელურად, საინფორმაციო საშუალებებით კრემლმა აქტიურად დაიწყო საკუთარი ანალოგის, MAX-ის რეკლამირება, რომელიც სამოქალაქო აქტივისტებისა და ტექნოლოგიური სექტორის ექსპერტების შეფასებით, რუსეთის ხელისუფლების ხელში მოსახლეობაზე ინფორმაციის შეგროვებისა და მათი გამუდმებული კონტროლის კიდევ ერთ ხელსაწყოდ იქცევა. WhatsApp-ის დაბლოკვის ფონზე მოსკოვში, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შესასვლელთან ხანმოკლე აქცია გაიმართა, სადაც აქტივისტებმა “როსკომნაძორის” კარებს ბოქლომი დაადეს. დემონსტრაციის მონაწილეები მალევე დააკავეს.

ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ WhatsApp-ის აკრძალვა ბოლომდე ეფექტური ვერ იქნება, რადგან პლატფორმის აქტიური მომხმარებლები და ის პირები, ვინც მაქსიმალურად ცდილობენ, თავი აარიდოს სახელმწიფო კონტროლს, აუცილებლად გამოიყენებენ VPN-სა და მსგავს სისტემებს, რომლებიც ადამიანს საშუალებას აძლევენ, სრულიად სხვა ქვეყნიდან შევიდნენ პლატფორმაზე ისე, რომ ეს სადაზვერვო ორგანოებმა ვერ დააფიქსირონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები