რუსეთისა და შეერთებული შტატების წამყვანი დიპლომატების შეხვედრა საუდის არაბეთში დასრულდა. მხარეები ორ ქვეყანას შორის კავშირების გაუმჯობესებასა და უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მსჯელობდნენ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მკვეთრ ცვლილებას დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ.
შეხვედრას არ ესწრებოდა არც ერთი დიპლომატი უკრაინიდან, იმ ფონზე რომ ქვეყანა რუსული ჯარის წინააღმდეგ პოზიციებს ეტაპობრივად კარგავს. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევი არ მიიღებს არც ერთ შედეგს, რომელიც დღევანდელი მოლაპარაკებების შემდეგ დადგება, რადგან უკრაინა ამ პროცესებში არ მონაწილეობს. თავის მხრივ, უკმაყოფილებას გამოხატავენ უკრაინის ევროპელი მოკავშირეებიც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ტრამპი მათ რუსეთთან მოლაპარაკებებში თამაშგარე მდგომარეობაში ამყოფებს.
საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. მოსალოდნელია, რომ მხარეებმა ორ ქვეყანას შორის გაყინული ურთიერთობების დათბობაზე იმსჯელეს, რადგან რუსეთსა და აშშ-ს შორის კავშირები ამჟამად რამდენიმე ათწლეულიან მინიმუმამდეა დაყვანილი.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ კონფლიქტში ჩართული ყველა მხარე თანახმა უნდა იყოს მისი დასრულების გადაწყვეტაზე.
რუბიოს თქმით, ერ-რიადში რუს ოფიციალურ პირებთან შეხვედრა იყო გრძელი და რთული გზის პირველი ნაბიჯი, რომლის მიზანი იყო უკრაინაში ომის სამართლიანი და მტკიცე დასრულება.
რუბიომ ასევე თქვა, რომ ევროკავშირი გარკვეულ მომენტში უნდა იყოს ჩართული მოლაპარაკებებში და არავინ უნდა დარჩეს განზე.
დღევანდელი შეხვედრა ერთგვარი წინაპირობა უნდა ყოფილიყო პრეზიდენტ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სამომავლო შეხვედრისთვისაც. როგორც პუტინის მრჩეველმა საგარეო საქმეთა საკითხებში, იური უშაკოვმა რუსულ მედიას განუცხადა, ჯერჯერობით არ არის შერჩეული კონკრეტული თარიღი და არ არის მოსალოდნელი, რომ პრეზიდენტები მომდევნო კვირის განმავლობაში შეხვდებიან.
უშაკოვის კომენტარიდან ჩანს, რომ მხარეებმა მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს ვერ მიაღწიეს. მისი თქმით, ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთის ინტერესებს გაითვალისწინებენ, თუმცა რთული სათქმელია, რამდენად უახლოვდება აშშ-სა და რუსეთის პოზიციები ერთმანეთს.
რუს და ამერიკელ მაღალჩინოსნებს შორის შეხვედრა საუდის არაბეთის დედაქალაქში შედგა, რაც ხაზს უსვამს ქვეყნის დე ფაქტო ლიდერის, პრინც მუჰამედ ბინ სალმანის მცდელობას, დიპლომატიურ მოთამაშედ იყოს წარმოდგენილი. საუდის არაბეთის სახელმწიფო მედია აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებები პრინცის მეშვეობით შედგა, რომელმაც, უკრაინაში შეჭრის მიუხედავად, რუსეთთან მტკიცე კავშირი შეინარჩუნა. თუმცა, თავის მხრივ, საუდის არაბეთი ზელენსკის ომში ტყვედ აყვანილთა გასათავისუფლებლად მოლაპარაკებების გამართვაშიც დახმარებია. ზელენსკი აპირებს, რომ საუდის არაბეთს მიმდინარე კვირაში ეწვიოს.