მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსთავი 2" 28 მილიონიანი დავალიანებების დასაფარად კვლავ 2–წლიან საშეღავათო პერიოდს ითხოვს

5e5e3fb91ff64
ინგა მურუსიძე
03.03.20 15:50
1261
ტელეკომპანია "რუსთავი 2" 28 მილიონი ლარის მოცულობის დავალიანებების დასაფარად კვლავ 2–წლიან საშეღავათო პერიოდს ითხოვს.

როგორც bm.ge-ს ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განუცხადა, მას იმედი არ აქვს, რომ ეს საშეღავათო პერიოდი მიეცემა.

"ჩვენი განცხადება წარდგენილია საგადასახადო ორგანოში. გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის და ველოდებით მთავრობის გადაწყვეტილებას. ჩვენ გაცილებით მეტი ვადა გვინდოდა, ვიდრე 5 წელი იქნებოდა, თუმცა ვერ ხერხდება შეთანხმება უფრო გრძელ ვადაზე და შესაბამისად, გარკვეული გრაფიკით უნდა მოხდეს დავალიანების დაფარვა.

საშეღავათო პერიოდი არ გამოვიდა მოლაპარაკების შედეგად. ჩვენი იდეა იყო, რომ დავალიანება დიდი იყო, გადაგვენაწილებინა 10 წელიწადზე და საშეღავათო პერიოდი ყოფილიყო ორი წელი, თუმცა ამ ეტაპზე ამაზე შეთანხმება ვერ შედგა და გვიწევს, რომ ამ 5 წლის განმავლობაში გრაფიკით გადავიხადოთ დავალიანება. რაც შეეხება გრაფიკს, ამაზე მიმდინარეობს ჩამოყალიბება. საშეღავათოდ ახლაც ორ წელიწადს ვითხოვთ, მაგრამ სავარაუდოდ ასე არ გამოვა და მოგვიწევს უკვე მალევე გადახდის დაწყება. შეიძლება თავიდან შედარებით ცოტა გადავიხადოთ, მერე გაიზარდოს და ა.შ", - განაცხადა პაატა სალიამ.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ტელევიზიები დაგროვილ დავალიანებებს მომდევნო 5 წლის განმავლობაში გადაიხდიან.

ცნობისთვის: საუბარია სამ ტელევიზიაზე და შესაბამისად, მათ მიერ წლების განმავლობაში დაგროვილ საბიუჯეტო დავალიანებაზე: "რუსთავი 2" - 28 მლნ ლარი, "იმედი"-19 მლნ ლარი და "მაესტრო"- 8 მლნ ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები