მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

[რუსულ] კანონში გამოყენებული საკვანძო ცნებები და ტერმინები ცალსახად ნეგატიური კონოტაციისაა - ენათმეცნიერი

მარინა ბერიძე

ენათმეცნიერი მარინა ბერიძე ამბობს, რომ "რუსულ კანონში" გამოყენებული საკვანძო ცნებები და ტერმინები ცალსახად ნეგატიური კონოტაციისაა. მან ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში გამოსვლისას განაცხადა, სადაც "რუსული კანონის" შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე განმწესრიგებელი სხდომა მიმდინარეობს. ენათმეცნიერი განხილვაზე მოსარჩელ მხარის მოთხოვნით, სპეციალისტის სახით არის მიწვეული.

როგორც ენათმეცნიერმა განაცხადა, აღნიშნული დასკვნა კვლევის შედეგია, რომელიც რამდენიმე კოლეგასთან ერთად ჩაატარა.

"უცხოური და უცხო ძალა, გავლენა, ინტერესი, გამტარებელი, უცხოური ძალა, უცხოური ძალის ინტერესები, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია შესწავლილი იქნა ლექსიკოგრაფიული და ტრადიციული მეთოდით და შერჩეულ ტერმინთა და შესიტყვებათა კვლევა ადასტურებს, რომ კანონში გამოყენებული საკვანძო ცნებები და ტერმინები ცალსახად ნეგატიური კონოტაციისაა. დადებითი ან ნეიტრალური კონოტაციით ამ სიტყვების გამოყენება მხოლოდ დამატებითი მოდიფიკატორებით, სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი კონტექსტითაა შესაძლებელი",- განაცხადა მარინა ბერიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლომ "რუსული კანონის" შესახებ მსჯელობა 29 აგვისტოს დაიწყო. კანონთან დაკავშირებით სასამართლოში შესულია ოთხი სარჩელი: პრეზიდენტის, 122 მოსარჩელე არასამთავრობო ორგანიზაციის, 38 ოპოზიციონერი დეპუტატის, ორი მედიაორგანიზაციის: „სტუდია მონიტორი“ და „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ („მთის ამბები“, „რეგ ინფო“, „საქართველოს ამბები“).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები