მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რუსულ კანონზე" პოზიციის დაფიქსირება სასულიერო პირებმაც დაიწყეს - განცხადებები

სს
18.04.24 00:47
511

"რუსულ კანონზე" პოზიციის დაფიქსირება სასულიერო პირებმაც დაიწყეს. მაგალითად, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს საზოგადოებრივი პროტესტის გათვალისწინებით შეწყვიტოს საქართველოს პარლამენტში სადავო კანონპორექტის განხილვა და ამით უარი თქვას დაძაბულობის ესკალაციის რისკზე.

მაღალი იერარქიის სასულიერო პირი საქართველოს მთავრობას ახსენებს, რომ "უდიდესია ქვეყნის ხელისუფლების პასუხისმგებლობის ტვირთი ისტორიისა და საკუთარი ხალხის წინაშე".

"ის დაძაბულობა და საზოგადოებრივი პროტესტი, რაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ვითარდება საქართველოს პარლამენტში და მის ირგვლივ, ის, რაც ამ დაძაბულობის ესკალაციას შეიძლება მოჰყვეს ამ ქვეყნის ცხოვრებაში, საკმარისზე მეტ არგუმენტს იძლევა საიმისოდ, რომ შეწყდეს/შეჩერდეს სადავო კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების პროცედურები, რამაც შექმნა უკიდურესი დაძაბულობის საფუძვლები ქართულ საზოგადოებაში.

მიმაჩნია, რომ ეს გაბედული და დიდსულოვანი ნაბიჯი გაუხსნის გზას სამოქალაქო მშვიდობას, ხოლო ჩვენს სამშობლოს ააცილებს იმ საფრთხეს, რასაც დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში უკიდურესად გაღიზიანებული მტერი რევანშისთვის გამოიყენებს და შექმნილ ვითარებაში გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საქართველოს ისტორიულ მისწრაფებას; მაშინ კი ჩვენი მეგობრები და პარტნიორები ვეღარ დაიხსნიან ჩვენს მრავალჭირნახულ სამშობლოს" - წერს მიტროპოლიტი.

მიმდინარე მოვლენებს ასევე გამოეხმაურა, სასულიერო პირი საბა ინცკირველი, მისი თქმით, დაუშვებლია აჩქარებული წესით რაიმე გადაწყვეტილების მიღება.

"მსურს გამოვეხმაურო ჩვენს სამშობლოში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებს და დავაფიქსირო ჩემი პირადი პოზიცია. მე როგორც საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქე და როგორც საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავარი, მივიჩნევ რომ ჩვენი თავისუფლების მოყვარე ერისა და ხალხის ისტორიული არჩევანი, რომ საქართველო იყოს ევროპული ოჯახისა და ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრი და განუყოფელი ნაწილი, უნდა იყოს დაფასებული ყველას მხრიდან!

ასეთი პოლარიზაციის პირობებში, როცა ჩვენი დაუძინებელი მტერი საზოგადოების ორად გაყოფას მცდელობას არ აკლებს, დაუშვებლად მიმაჩნია აჩქარებული წესით რაიმე გადაწყვეტილების მიღება, თანაც იმ ფონზე, როცა ჩვენი ქვეყნის ყველა პარტნიორი ქვეყნებისა და კავშირების ლიდერები მოგვიწოდებენ მეტი დაფიქრებისა და ანალიზისთვის, თუ რა შეიძლება მოყვეს ახალი კანოპროექტის მიღებას. მინდა ავღნიშნო რომ გასულ წელს ხელისუფლების მიერ კანონის გაწვევის გადაწყვეტილება დადებითად შეფასდა მთელი მოსახლეობის უმრავლესობის მიერ, რაც ვიტყოდი იყო საჭირო და გონივრული გადაწყვეტილება. ახლაც, ჩვენი მომავალი თაობის მიერ წამოწყებული ჯანსაღი პროტესტის პირობებში მაქვს იმედი და რწმენა, რომ ვიხილავთ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის სასიკეთოდ გადადგმულ ნაბიჯს, რაც წარმოადგენს საციცოცხლოდ მნიშვნელოვან საჭიროებას საზოგადოების გაერთიანებისა და ქვეყნის ნათელი მომავლისთვის", - წერა იგი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები