მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსულ კანონზე" ვეტო არის მოტივირებული - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

მსხილაძე

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე განმარტავს, რომ „რუსულ კანონზე“ სალომე ზურაბიშვილის ვეტო მოტივირებულია. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ვეტოზე უმრავლესობის წევრების საწინააღმდეგო შინაარსის განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

მან ასევე განმარტა, თუ რას მოიცავს ვეტო და აღნიშნა, რომ ჩამატებული წინადადება, კანონის ერთი დღით ამოქმედებასთან დაკავშირებით, იურიდიული ტექნიკაა მის გასაუქმებლად.

„მინდა მოგახსენოთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან არის მცდელობა, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, თითქოს და საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო, რომელიც 18 მაისს დაადო რუსულ კანონს, მოტივირებული შენიშვნების გარეშე დაუბრუნდა პარლამენტს. ეს არის ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. პრეზიდენტის ვეტო არის მოტივირებული. მასში არის აღწერილი კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც ირღვევა ამ კანონით. არის განმარტებული თუ რატომ არის აღნიშნული კანონი რუსული. არის მოყვანილი მისი მიღების მოტივაცია, რა ფორმით იყო ეს კანონი მიღებული, რომ ეს არის ჩვენთვის მიუღებელი და დაუშვებელი. ეხება თვითონ კანონში ერთი წინადადების ჩამატებას, რომ კანონი ამოქმედდეს ერთი დღით. ეს არის ჩვეულებრივი იურიდიული ტექნიკა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ კანონი გაუქმდეს. კანონი თუ არ ამოქმედდა, შესაბამისად, მისი გაუქმება შეუძლებელია. ვეტო აისახება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და Facebook გვერდზე“,- თქვა გიორგი მსხილაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები