რუსულ ავიაკომპანია Red Wings-სს საქართველოს მიმართულებით ფრენების დაწყება ამ ეტაპზე არ შეუძლია. როგორც რუსული გამოცემა „იზვესტია“ წყაროზე დაყრდნობით წერს, კომპანიას რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსგან ნებართვა ჯერ არ მიუღია.
ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ ავიაკომპანიას ქართულმა მხარემ მოსკოვი (დომოდედოვოს აეროპორტიდან)-ქუთაისისა და სოჭი-თბილისის მიმართულებებთან ერთად, უფლება მისცა, მოსკოვის ჟუკოვსკის აეროპორტიდანაც იფრინოს თბილისის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ამის შესახებ ქართულ მხარეს ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია. პირველი რეისი 16 ივნისს უნდა ჩატარებულიყო.
„რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსგან ველოდებით თანხმობას. ჩვენ ყველაფერი წესრიგში გვაქვს, ქართული მხარე დაგვთანხმდა. ფრენების არ დაწყება ჩვენთვის მტკივნეული საკითხია, სეზონი მოდის“, - განაცხადა წყარომ გამოცემასთან.
ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირ რეისებს რუსული კომპანია "აზიმუტი" და Georgian Airways-ი ასრულებს.